პანკისის ხეობაში ვითარება განიმუხტა: დაძაბული დღის შედეგები

© photo: Radio Way / FBპოლიციის სპეცრაზმი პანკისის ხეობაში
პოლიციის სპეცრაზმი პანკისის ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან სიმშვიდეა. სპეცრაზმმა ხეობა დატოვა, პოლიტიკოსები კი დასკვნებს აკეთებენ.

პანკისის ხეობაში ვითარება განსაკუთრებით კვირას, დილით დაიძაბა, როდესაც ხელისუფლებამ სოფლის მახლობლად, მდინარე ალაზნის პირას ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტა. ჰესი, თავისთავად, დაბალი, მხოლოდ 5,4 მეგავატი სიმძლავრისაა. მაგრამ მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის დიდ ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ.

მთავრობა ადგილობრივ მოსახლეობას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ჰპირდება

ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო ადგილობრივთა უკმაყოფილების შესახებ, რომლებიც დროგამოშვებით მართავდნენ საპროტესტო აქციებს. ამ საკითხზე დასალაპარაკებლად მთავრობის წარმომადგენლები არაერთხელ შეხვედრიან მოსახლეობას.

ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კომპანია ხეობაზე სათანადოდ იზრუნებს.

სოლიდარობის აქცია  - Sputnik საქართველო
პანკისში მიმდინარე მოვლენები თბილისსა და ბათუმში გააპროტესტეს

„პანკისის ხეობის მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან, ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება", – ნათქვამია მთავრობის მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ჩანს, ასეთი დაპირებები მოსახლეობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მან გადაწყვიტა მშენებლობის დაწყებისთვის ხელი ძალით შეეშალა.

როგორ დაიწყო ყველაფერი

ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მშენებლობა დაიწყო პოლიციის თანხლებით, რომელსაც სამშენებლო პროცესის უსაფრთხოება უნდა დაეცვა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ პოლიციის საქმეში ჩართვა – მოსახლეობის პროტესტის შიშით თუ სხვა მიზეზით.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს

მაგრამ პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კვირას, დილით შეტაკება მოხდა. მოსახლეობამ პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მშენებლობა შეჩერდა, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები კი თელავში ჩავიდნენ საკითხის განსახილველად. მაგრამ ამან ვითარება ვერ დააწყნარა. შსს-მ ძალის გამოყენების გამო ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო და პოლიციასა და ადგილობრივ მცხოვრებთა შორის კვლავ შეტაკება დაიწყო.

თელავში მოლაპარაკება ჩაიშალა და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ.

მინისტრებისა და უხუცესების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა.

ამასობაში, პოლიციისა და მოსახლეობის დაპირისპირებისას, საქართველოს შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პოლიციის 27 თანამშრომელი, ერთი ჟურნალისტი და 12 ადგილობრივი მცხოვრები დაშავდნენ.

პოლიტიკოსების რეაქცია

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ხელისუფლების დასადანაშაულებლად საბაბი მიეცათ, ერთხმად დაგმეს პანკისის ხეობაში ძალის გამოყენება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პანკისელებთან მინისტრის შეხვედრა დასრულდა: ჰესის საკითხი გადაიდო

„რასაკვირველია, პოლიციის მიმართ ძალის გამოყენება ნებისმიერი ფორმით დაუშვებელია, მაგრამ ამ მძიმე სიტუაციაზე და იმაზე, რაც იქ ხდება, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას მისი არათანმიმდევრული და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო", – განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პარტიის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას მსგავსად შეაფასა ვითარება გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია", რომელმაც ძალის გამოყენებაში პირდაპირ დაადანაშაულა პოლიცია.

„ადამიანებზე ძალადობა კარგი არაფრით მთავრდება, ეს ყველამ უნდა გაიგოს. ყველა ხელისუფლებას აქვს ასეთი მძიმე გამოცდილება. მოქალაქეები ყოველთვის იმარჯვებენ და ამიტომ ორივე მხარე უნდა დამშვიდდეს და დაიწყოს მოლაპარაკებები", – განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება დაადანაშაულა ასევე „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე:  რა უნდოდა დღეს პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმებს?

„ისინი მოსახლეობას უნდა დალაპარაკებოდნენ, გაეგოთ, რა აღელვებდათ მათ, რა სჭირდებოდათ, როგორი არგუმენტები ჰქონდათ. როგორ შეიძლება საკუთარ მოსახლეობასთან სპეცრაზმის ენით საუბარი და როგორ შეიძლება პანკისის ხეობაში ცრემლსადენი გაზის გამოყენება. ეს წარმოუდგენელია! იცით, რატომ ხდება ასე, ბატონო ბიძინა? იმიტომ, რომ თქვენ მართავთ ქვეყანას, როგორც საკუთარ კორპორაციას, როდესაც ბიზნესის ინტერესები ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დგას", – განაცხადა ბურჯანაძემ.

რა არის პანკისის ხეობა?

პანკისის ხეობა თბილისიდან სამი საათის სავალზეა, მაგრამ ეს საკმაოდ განსხვავებული, თვითმყოფადი სამყაროა თავისი ტრადიციებითა და მკაცრი დაუწერელი კანონებით. ხეობაში ქისტების 16 დასახლებული პუნქტია. სულ ხეობაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ეს არის საკმაოდ ჩაკეტილი თემი. ადგილობრივ მოსახლეობას შორს უჭირავს თავი ჟურნალისტებისგან და ჩასულებისგან, ყველას ჰყოფს „თავისიანად და უცხოდ".

ბოლო წლებში სირიასა და ერაყში პანკისის ხეობის 30 მკვიდრი დაიღუპა. პანკისის ხეობის რამდენიმე მცხოვრები ტერორიზმის ბრალდებითაც დააკავეს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თელავის საავადმყოფოში აქციაზე დაშავებული 30 პაციენტი რჩება

პანკისის ხეობა მდინარე ალაზნის სათავეებში მდებარეობს, საქართველო-რუსეთის საზღვართან.

პირველად მსოფლიოს მასმედიაში პანკისის ხეობა 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა – ჩეჩნეთის მეორე ომის დროს პანკისში გადმოდიოდნენ დევნილები ჩეჩნეთიდან. მაშინ რუსეთი საქართველოს ადანაშაულებდა პანკისში ბოევიკებისა და მათი საწვრთნელი ბაზების მფარველობაში.

იმ დროიდან მოყოლებული რუსეთის სხვადასხვა მასმედიაში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია პანკისის ხეობაზე, როგორც ტერორისტების დერეფანზე. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწია ამ ინფორმაციის უარყოფა.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება პანკისში 2017 წლის ბოლოს. მაშინ სპეცრაზმის ოპერაციის შედეგად, რომელიც ცნობილი ტერორისტის აჰმედ ჩატაევის დახმარებაში ბრალდებულების დაკავების მიზნით ჩატარდა, დაიღუპა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ამ შემთხვევას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ახალგაზრდის ოჯახმა დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0