პანკისის აქციის მონაწილე: მოსახლეობა შორიდან ვერ უყურებს ჰესის მშენებლობას...

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი
პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისთვის თელავში მოლაპარაკებებს შს მინისტრის მოადგილესთან მართავს

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო თუ მაინც ააშენებს ჰესს, პანკისის ხეობის მოსახლეობამ კომპანიისგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს, განაცხადა პანკისის ხეობის უცუხესმა ხასო ხანგოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

პოლიციის ტექნიკა პანკისში - Sputnik საქართველო
სროლა და შეტაკებები პანკისის ხეობაში: ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავდა სამი პოლიციელია, რომლებიც თელავის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. დაშავებულია ასევე რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

ხანგოშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება.

„ყოვლად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა. ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებელია ახსნა-განმარტება და ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა. ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკების. მე თვითონ ადგილზე არ ვყოფილვარ და არ ვარ შემსწრე დღეს განვითარებული მოვლენების, მაგრამ უნდა აიწონ-დაიწონოს ყველაფერი“,-  განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

მისი თქმით, თუ აღნიშნულ საკითხში სახელმწიფოს ინტერესებია ჩადებული და სახელმწიფო მაინც ააშენებს ამ ჰესს, მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს  კომპანიისგან.

„კომპანია ძალიან ბევრს გვპირდება და ეს თუ შესრულდა, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხს“, - აცხადებს ხანგოშვილი და დასძენს, რომ უხუცესები ასეთ აქციებში არ ერევიან.

ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესის მშენებლობა უარყოფითად აისახება გარემოზე და მათ საკუთარი სახლების დატოვება მოუწევთ.

„პანკისის ხეობას ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში. გვაქვს ორი ჰესი. ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ჰესია. ამ ერთ ალაზანზე, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, კიდევ ორი ჰესის აშენება მიუღებელია...  მოსახლეობა შორიდან ვერ იდგება და ვერ უყურებს იმას, რომ რამდენიმე პოლიციელი დადგეს და ჰესის მშენებლობა მიმდინარეობდეს... ველოდებით, რომ აქტივისტებს დაიჭერენ... ვითხოვთ, რომ ჩვენთან მოლაპარაკებებში ჩართული იყოს არა ძალოვანი სტრუქტურები, არამედ ის სამინისტროები, რომლებსაც ევალებათ ასეთ საკითხებზე მუშაობა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სულხან ბორძიკაშვილმა.

საპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ ჰესების მშენებლობა თბილისში გააპროტესტა

კომპანიებმა „ალაზანი ენერჯი“ და „ფერიმ“, რომლებიც ჰესებს აშენებენ, დღეს გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვით ახალი ჰესი გარემოზე მინიმალურ გავლენას მოახდენს.

„ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლეც“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების მშენებელი კომპანიები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ.

პანკისის ხეობა - Sputnik საქართველო
აქცია პანკისში: ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

გადატანილი იქნება არსებული 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები, აღნიშნული ხაზების გადატანის გამო მოჭრილი ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა ხეობის მოსახლეობას. კომპანია სახელმწიფოსთან ერთად აპირებს სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას. კომპანია აცხადებს, რომ ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობას მოხმარებული დენის ნაწილის ადეკვატურ ღირებულებას გადაუხდის. კომპანია საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა შექმნილი პრობლემა დროულად გადაჭრას.

პანკისში დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეთა ნაწილი თელავში მოლაპარაკებებს მართავს. მოლაპარაკების გასამართავად ისინი დღეს  შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ მიიწვია.

ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა. იქ ასევე იმყოფებიან აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0