თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხეობაში ჰესების მშენებლობა შეწყვიტოს. მათი მოთხოვნაა „შეწყდეს იმ აქტივისტების პოლიციაში დაბარება და მათზე ზეწოლა, ვინც ჰესების აშენების წინააღმდეგია“.
„მოვკვდებით და არ ავაშენებინებთ აქ ჰესებს, აქ ჩვენ ცხოვრება გვინდა. არანაირ შემოთავაზებულ პირობებს სამშენებლო კომპანიისგან არ მივიღებთ და არც დავთანხმდებით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ხეობის მოსახლეობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მიმართვა შეადგინა, რომელსაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გაგზავნიან. ადგილობრივები პრემიერ-მინისტრის ჰესების საკითხის პირად კონტროლზე აყვანას და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას სთხოვენ.