თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს, განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის "ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე.
ხეობაში ჩასულმა კახა საბანაძემ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლებას ეწინააღმდეგებიან, განუცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა და ადგილობრივებს მოუწოდა, მოლაპარაკებების მიზნით რამდენიმე ადამიანი გამოყონ.
„გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა კახა საბანაძემ.
აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა.
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.