თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს ბანკების ასოციაცია მოსახლეობას კიბერთაღლითობის ახალი ფორმების შესახებ აფრთხილებს, იუწყება პირველი არხი.
ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო დროს დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, რომლის შედეგად მომხმარებლებმა ფინანსური ზარალი ნახეს. კიბერთაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა „ფიშინგი“, რომლის მიზანია ინტერნეტ-მომხმარებლის პერსონალური მონაცემების თაღლითური გზით მოპოვება.
კერძოდ, კიბერდამნაშავეები ქმნიან ყალბ ვებ-გვერდებს, რომლებიც ცნობილი კომპანიებისა და ბანკების გვერდებს ჰგავს, და მოტყუების გზით ცდილობენ, რომ მომხმარებელმა იქ საკუთარი პირადი მონაცემები შეიყვანოს. თაღლითობის სხვა სახეობაა ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა, რომელშიც მომხმარებელს საკუთარი პერსონალური მონაცემების შეყვანას (პაროლი, საბანკო ბარათის ნომერი და სხვ.) სთხოვენ.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადამოწმდეს ვებ–გვერდის მისამართი. მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ის ნამდვილად ბანკის გვერდია, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაცია საბანკო ბარათის შესახებ თაღლითების ხელში აღმოჩნდება, აცხადებენ ასოციაციაში.
კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით, ძირითადად, წარმოებს კომპანიის სახელით, რომლის სახელწოდებაც ცნობილი კომპანიის დასახელებას ჰგავს.
„იმისთვის, რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან: არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ–გვერდზე. ნუ ენდობით იმეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვენ. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაციის ინფორმაციით, კიბერდანაშაული, როგორც წესი, მომხმარებლის მოტყუებას ცნობილი გამოსახულებით ცდილობს, ამიტომ ნებისმიერი ტრანზაქციის წინ უნდა შემოწმდეს ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც ეჭვს იწვევს.