თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველომ 29-დან მეორე ადგილი დაიკავა, ნათქვამია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსის (NCSI) ვებგვერდზე.
ინდექსის შედგენისას ქვეყნები 12 კრიტერიუმით შეფასდა. საქართველოს შემთხვევაში 12-დან ხუთი კრიტერიუმი 100%-ით შეფასდა. ეს არის კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავების უნარი; ეროვნული დონის კიბერსაფრთხეების ანალიზის უნარი; ელექტრონული იდენტიფიცირებისა და ელექტრონული ხელმოწერების უზრუნველყოფა; ძირითადი ელექტრონული სერვისების დაცვა; ბრძოლა კიბერდანაშაულთან.
კვლევა ევროკავშირის დაკვეთით მსოფლიოს 29 ქვეყანაში საერთაშორისო მეთოდოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველომ პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყველა მონაწილე ქვეყანას გაუსწრო — მოლდოვას (მე-6 ადგილი), უკრაინას (მე-5 ადგილი), ბელარუსს (მე-4 ადგილი), სომხეთს (22-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (მე-16 ადგილი).
თავისი მაჩვენებლებით საქართველომ ევროკავშირის ისეთ წევრ ქვეყნებს გაუსწრო, როგორებიცაა გერმანია, ლატვია, ჰოლანდია, ლიტვა, პოლონეთი და დანია.
კიბერდანაშაულად კიბერსივრცეში კომპიუტერული სისტემის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ითვლება. კიბერდანაშაულის სახეებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, საბავშვო ონლაინ პორნოგრაფია, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემების უნებართვოდ გამოყენება.
2016 წლის ივლისში შსს-მ აამოქმედა საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით "დაიცავი საკუთარი ელექტრონული სივრცე". საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე შეიქმნა სპეციალური ბმული კიბერდანაშაულის შესახებ, სადაც ნებისმიერი მსურველი გაეცნობა ინფორმაციას ამ დანაშაულის შესახებ. შს სამინისტროში ასევე ამოქმედდა სადღეღამისო ცხელი ხაზი 2 41 12 96, 2 41 17 67, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და სამართალდამცავებს ინფორმაცია მიაწოდოს, თუ ის კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კიბერდანაშაულის მსხვერპლი წელიწადში 550 მილიონზე მეტი ადამიანი ხდება, დღეში — 1,5 მილიონი ადამიანი და ერთ წამში — 18 ადამიანი.
მიმდინარე წლის ივნისში ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირმა (ITU) გამოქვეყნა კიბერუსაფრთხოების ინდექსი, სადაც 193 ქვეყანას შორის საქართველომ მერვე ადგილი დაიკავა.