თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გააფრთხილეს, არ გამოიყენონ საკუთარი ელექტრონული ფოსტა, რადგან მათზე კიბერშეტევა განხორციელდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
„სავარაუდოდ, შეტყობინება ყველა დეპუტატმა მიიღო. როგორც ჩანს, პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ხდება შეტევა. ბევრი ვირუსული გზავნილი არსებობს და ის საფრთხეს უქმნის სისტემის დაცვას. გუშინ მივიღეთ ეს შეზღუდვა, დღეს გვაცნობეს, რომ თითქოს ყველაფერი გამოსწორებულია", — განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის თქმით, უწყება სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.
„პარლამენტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა. თუმცა, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენი სპეციალისტები დაუკავშირდნენ პარლამენტის შესაბამის სამსახურს. ამჟამად ვარკვევთ ვითარებას", — განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
ოთხშაბათს თავდასხმა განხორციელდა დანიურ კომპანიაზე Maersk Group, რომელიც ეკუთვნის ფოთის პორტის მეპატრონე კომპანია APM Terminals-ს. თავდასხმის შედეგად მთელ მსოფლიოში უამრავ პორტსა და ტერმინალში IT-სისტემები მთლიანად გაითიშა.
ამჟამად ფოთის პორტში ოპერირება ხელით აღრიცხვიანობის რეჟიმში მიმდინარეობს.
გლობალური კიბერშეტევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სამშაბათს განხორციელდა, ვირუსმა ყველაზე მეტად უკრაინას შეუტია. თავდასხმის ობიექტები იყვნენ ნავთობის, ენერგეტიკული, ტელეკომუნიკაციების, ფარმაცევტული კომპანიების და ასევე სახელმწიფო უწყებების კომპიუტერები.
პირველი ინფორმაციის თანახმად, ბოროტმოქმედების მიერ გააქტიურებული ვირუსი უკვე ცნობილ „გამომძალველ ვირუსად" წოდებულ Petya-ს ჯგუფს მიაკუთვნეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარია არსებითად განსხვავებული ფუნქციონირების მქონე მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ჯგუფზე. „კასპერსკის ლაბორატორიამ" ახალ ვირუსს ExPetr-ი უწოდა.