თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. „გამომძალველმა ვირუსმა“ Petya-მ დანიურ კომპანია Maersk Group-ს შეუტია, რომელიც ფოთის პორტის მეპატრონე კომპანია APM Terminals-ს ეკუთვნის, რის შედეგადაც მსოფლიოს მრავალ პორტსა და ტერმინალებში მთლიანად გაითიშა IT სისტემები, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ APM Terminals-ში.
კობერშეტევა ოთხშაბათს, საღამოს მოხდა.
„ფოთის პორტში ბიზნესის უწყვეტობის გეგმა ამოქმედდა, რათა კიბერშეტევას კომპანიის მომხმარებლებზე მინიმალური ზემოქმედება მოეხდინა. ამ დროისთვის გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად“, — აღნიშნეს APM Terminals-ში.
ამ ეტაპზე ფოთის პორტში ოპერირება ხელით აღრიცხვიანობის მეთოდით ხორციელდება.
გლობალური კიბერშეტევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სამშაბათს განხორციელდა, ვირუსმა ყველაზე მეტად უკრაინას შეუტია.
თავდასხმის ობიექტები იყვნენ ნავთობის, ენერგეტიკული, ტელეკომუნიკაციების, ფარმაცევტული კომპანიების და ასევე სახელმწიფო უწყებების კომპიუტერები.
პირველი ინფორმაციის თანახმად, ბოროტმოქმედების მიერ გააქტიურებული ვირუსი უკვე ცნობილ „გამომძალველ ვირუსად“ წოდებულ Petya-ს ჯგუფს მიაკუთვნეს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარია არსებითად განსხვავებული ფუნქციონირების მქონე მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ჯგუფზე. "კასპერსკის ლაბორატორიამ" ახალ ვირუსს ExPetr-ი უწოდა.