თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოში სპეციალისტები ყოველდღიურად წითელათი ინფიცირების 15-25 ახალ შემთხვევას ავლენენ, რაც საგანგაშო მაჩვენებელია, იუწყება პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ნორმად მიიჩნევა წელიწადში დაავადების 10 შემთხვევა. მხოლოდ 2019 წლის დასაწყისიდან კი საქართველოში წითელათი დაავადების უკვე სამი ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, წითელას აცრა 118 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, მაგრამ ეს არასაკმარისია. სანამ აცრილი მოსახლეობის რიცხვი ქვეყანაში 350 ათასს არ მიაღწევს, დაავადება უკან არ დაიხევს.
წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ – იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში.
„იანვრიდან, ამ წლის განმავლობაში გვაქვს წითელას 3 172 შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში, ანუ წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება და აცრების გარდა ვერაფერი შეაჩერებს", – განაცხადა გამყრელიძემ.
ინფიცირებულთა რიცხვი 2018 წელს 2000-ს ცოტათი აღემატებოდა. წითელა განსაკუთრებით გავრცელებულია 20-40 წლის ასაკის მოქალაქეებში, რომლებმაც ზუსტად არ იციან, ჩაიტარეს თუ არა აცრა, ან აქვთ თუ არა გადატანილი წითელა. ეს დაავადება ასევე ხშირად გვხვდება ერთ წლამდე ბავშვებში.
„წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვს დედიდან გადაეცემა. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვი დაბადებიდან პირველი რვა თვის განმავლობაში დაცულია", – განმარტა გამყრელიძემ.
გამყრელიძე მოუწოდებს ორსულებსა და ჩვილების დედებს, იყვნენ ყურადღებით, ტემპერატურისა და გამონაყარის გარდა, ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს, სადაც ასევე შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი. ვირუსი, შესაძლოა, გართულდეს, მათ შორის, ფილტვების ანთებით.
გასულ წელს წითელას გართულების გამო ქვეყანაში სამი ადამიანი გარდაიცვალა – სამივე ბავშვი, რომლებიც აცრილი არ იყვნენ წითელაზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 1 იანვრიდან ყველა გეგმური აცრა გახდა სავალდებულო, მათ შორის წითელას აცრაც.
წითელა საქართველოში: რა ელოდება აუცრელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს>>
წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.
რატომ არის წითელა საშიში ვირუსი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან>>
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჟურნალისტებს მოუწოდებს, დაეხმარონ უწყებას ინფორმაციის გავრცელებაში, რათა მოსახლეობამ გააცნობიეროს მდგომარეობის სერიოზულობა და ვაქცინაციის აუცილებლობა.