წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიაცრა
აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე დაყრდნობით.

საუბარია ბოლო ერთ წელიწადში ერთ მილიონ მოსახლეზე დაავადების გამოვლენის მაჩვენებელზე.

წითელას გავრცელების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი უკრაინაშია, სადაც დაავადების 36 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული (კოეფიციენტი 821.81). სერბეთის, ალბანეთისა და ლიბერიის შემდეგ კი ცხრილში საქართველოა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში წითელას 1562 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 397.92).

ბოლო ერთ წელიწადში წითელას გავრცელების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მონტენეგროში, საბერძნეთში, ისრაელში, მადაგასკარსა და იემენშიც.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ბოლო 10 დღეში წითელაზე 38 ათასი მოქალაქე აიცრა

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს. წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა.

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0