თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდის – „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ცოტნე ებრალიძე გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა>>>
ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორი იყო, რომელიც 2016 წელს „თანაინვესტირების ფონდის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მანამდე ებრალიძე იყო „თანაინვესტირების ფონდის" მმართველი დირექტორი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით.
აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ებრალიძემ გიორგი ბაჩიაშვილი შეცვალა, რომელიც ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ბაჩიაშვილს იმ სამუშაოსთვის, რაც მან ფონდში ექვსი წლის განმავლობაში შეასრულა. მიხარია, რომ იგი ჩვენ გუნდში რჩება და ჩვენ მხარდაჭერას გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ფონდის ხელმძღვანელ გუნდთან ერთად წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით დავასრულებთ დაწყებულ პროექტებს და ახალს დავიწყებთ", – განაცხადა ებრალიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
„თანაინვესტირების ფონდი" 2013 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი დამაარსებელია ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ფონდის სახსრები, ძირითადად, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მრეწველობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მსხვილ პროექტებს ხმარდება. იგი ქვეყანაში 2 მლრდ დოლარის ფარგლებში რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.