"სახლიდან წაიყვანეს და სცემეს" – ოჯახი მამაკაცის გარდაცვალებაში პოლიციას ადანაშაულებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ 55 წლის მამაკაცს თავის არეში ჰემატომა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მას პოლიციელები გაუსწორდნენ.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ დეტალურად შეისწავლის კახეთის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები 55 წლის ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების მიზეზებს. ოჯახი მომხდარში პოლიციელებს ადანაშაულებს.

მამაკაცი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. საავადმყოფოში ის ორი კვირის წინ კომატოზურ მდგომარეობაში მოხვდა. მას თავზე ჰემატომა აღენიშნებოდა.

„ეს ამბავი დეტალურად იქნება შესწავლილი და საზოგადოებას და მხარეს ეცოდინება", – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, მთვრალ მთავრიშვილს 22 მარტს დასთან კამათი მოუვიდა. ამ დროს მისმა 12 წლის დისშვილმა პოლიციაში დარეკა. როდესაც მამაკაცმა ამის შესახებ შეიტყო, გინება დაიწყო, პოლიციელებმა ეს გაიგეს. მალე ადგილზე ხუთი პოლიციელი მივიდა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში

„სახლიდან წაიყვანეს 22-ში ღამით, გზაში სცემეს. 22-ის მერე თავის ტკივილები ჰქონდა სულ, 30 მარტს კომაში ჩავარდა... როგორც ხედავთ, გარდაიცვალა. თვითონ მომიყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა. გზაში, მანქანაში სცემეს, ან გადმოაგდეს, არ ვიცი. რომ დამირეკეს, ტელეფონში გინება მოისმინეს და თავიანთ შეურაცხყოფად მიიღეს. ეგ არ აპატიეს, პოლიციას რატომ შეაგინეო და გაუსწორდნენ", – განაცხადა ზვიადის დამ მარი მთავრიშვილმა.

უფრო ადრე შსს-მ დაადასტურა, რომ 22 მარტს „112“-ში შევიდა შეტყობინება არასრულწლოვანისგან, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ზვიად მთავრიშვილს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, აუკრძალეს ოჯახის წევრებთან მიახლოება და მათთან კონტაქტი.

შსს-ს მონაცემებით, მაშინ მთავრიშვილის ნათესავებმა პოლიციელებს აცნობეს, რომ ის ალკოჰოლს ეძალებოდა და როდესაც მას სმას უკრძალავდნენ, აგრესიული ხდებოდა.

ამასთან, 1 აპრილს გურჯაანის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალიდან" შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ იქ მთავრიშვილი უგონო მდგომარეობაში და თავზე ჰემატომით შეიყვანეს. ოჯახის წევრებმა ეს იმით ახსნეს, რომ ის 22 მარტს პოლიციელებმა სცემეს.

„მცემდნენ ქამრით და მემუქრებოდნენ" – მოზარდი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს>>

ამ განცხადების საფუძველზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა, რომლის ფარგლებში კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში ვიდეოჩანაწერები ამოიღეს. ასევე გამოკითხეს პოლიციელები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ მთავრიშვილთან 22 მარტს.

შსს-ში აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე პოლიციის მხრიდან ძალადობის ან სხვა სახის შეურაცხყოფის ფაქტი არ გამოვლენილა.

ყველა ახალი ამბავი
0