თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში კავკასიის რეგიონში უმსხვილესი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გახსნა.
ჯანმო-მ საქართველოში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა >>
ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით და მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს. ლაბორატორიაში წელიწადში 6 მილიონი ტესტის გამოკვლევა იქნება შესაძლებელი. „მეგალაბის“ ტექნიკური აღჭურვილობა მოლეკულური და გენეტიკური კვლევის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ტიპის გამოკვლევების ჩასატარებლად უცხოეთში გამგზავრება აღარ მოუწევთ.
„ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები გახდება უფრო ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ამას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადიოდა ქვეყნიდან, რადგან საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ბახტაძემ.
გარდა ამისა, ლაბორატორიაში პრაქტიკის გავლას ახალგაზრდა სპეციალისტები შეძლებენ.
„პირადად ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაწესებულება მიიღებს აკრედიტაციას წამყვანი ქვეყნებისგან, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ლაბორატორიაში ჩატარებული თითოეული ტესტი, თითოეული დოკუმენტი იქნება განსაკუთრებული ვალიდურობის“, – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი.