თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველომ დიდ ბრიტანეთში ამ ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიცია მოახდინა. ჯეკ შეფერდს ახალგაზრდა ქალის, შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის სამშობლოში დაუსწრებლად ექვსი წლით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეარხი Imedi.
საქართველომ ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო >>
შეფერდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანეს და გადასცეს ბრიტანულ პოლიციას, რომელმაც ის თვითმფრინავის ბორტზე ააცილა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ექსტრადიციის გადაწყვეტილება 26 მარტს მიიღო. ამას თავად შეფერდი მოითხოვდა.
შეფერდი საქართველოში 2018 წლის მარტიდან იმყოფებოდა. იანვრის ბოლოს ის თავად მივიდა თბილისის პოლიციაში და ქართველი ადვოკატების თანდასწრებით ჩაბარდა. მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებიდან 11 დღე იყო გასული.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, BBC-ს მონაცემებით, ინციდენტი 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა, როდესაც შეფერდმა ბრაუნი პაემანზე დაპატიჟა. თავიდან ისინი რესტორანში წავიდნენ, შემდეგ კი მდინარე ტემზის სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტეს. შეფერდმა ქალს მდინარეზე კატარღით გასეირნება შესთავაზა, რომელიც, მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. კატარღა, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ.
ქართველი კრიმინალისტები ინტერპოლთან ერთად იმუშავებენ >>
შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მოგვიანებით მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი მდინარის ცივ წყალში დიდი ხნით ყოფნის გამო გარდაიცვალა.
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შეფერდი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, რომელიც უხეში გაუფრთხილებლობის გამო იყო ჩადენილი და 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
მან დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ინგლისელმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შარლოტას მამის შურისძიების ეშინოდა, რომელიც, შეფერდის სიტყვებით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.