თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში საქართველოს ოფისი უკვე ფუნქციონირებს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი 2017 წელს ევროპოლთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მიავლინა.
საქართველოს პირველი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, ქალაქ ჰააგაში, უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.
„ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებით კიდევ უფრო ძლიერდება თანამშრომლობა ევროპის საპოლიციო სტრუქტურებთან, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლას ორგანიზებული და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანაა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, თანამშრომლობის, უსაფრთხო არხის მეშვეობით ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის გაცვლისა და ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.