რაზე შეთანხმდნენ საქართველო და ევროპოლი

© courtesy of Europolევროპოლი შტაბ-ბინა
ევროპოლი შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპოლი დაეხმარება საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრაფიკსა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორ რობ უეინრაითთან ერთად თანამშრომლობის ორ დოკუმენტს მოაწერა ხელი, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მხარეებმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას.

„აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. მათი მეშვეობით ხდება საქართველოსა და ევროპოლს შორის 2017 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიის ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოებაში დარწმუნებულია

საქართველოს პარლამენტის მიერ მემორანდუმის რატიფიკაციის შემდეგ გაჩნდება კომუნიკაციის უსაფრთხო არხი, რომლის მეშვეობით მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, 24-საათიან რეჟიმში გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, მათ შორის, ოპერატიული სახის ინფორმაცია.

რაც შეეხება მეკავშირეობის შესახებ შეთანხმებას, ის ძალაშია ხელმოწერისთანავე. მის საფუძველზე, საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა, წარგზავნოს თავისი ოფიცერი ევროპოლში, რაც თვე-თვენახევრის შემდეგ მოხდება.

„პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მისი სამართალდამცავი სისტემით გახდა ევროკავშირის სამართალდამცავი სისტემის ნაწილი. ჩენ როგორც კი დავასრულებთ ტექნიკურ შემადგენელ ნაწილს, და ჩვენი ურთიერთგაცვლის არხები იქნება უსაფრთხო, ჩვენ შევძლებთ უკვე აქტიურად ვებრძოლოთ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკები და ნარკოტრაფიკი, არალეგალური მიგრაცია“, — განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ უეინრაითს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულისა და კომპიუტერული დანაშაულის საფრთხეების შეფასებისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის ქართული მხარისთვის გაზიარების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. 

შსს-ში აღინიშნა, რომ ამ სფეროებში ევროპოლს დიდი გამოცდილება აქვს და აღნიშნული თანამშრომლობა გააუმჯობესებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს, დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით.

საქართველოს და ევროკავშირის დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
საფრანგეთის ელჩი: კრიმინალების გამო არ გვინდა დავსაჯოთ ღირსეული ქართველები

გარდა ამისა, გახარიამ დააფიქსირა საქართველოს თანამშრომლობის მზადყოფნა ევროპის კიბერდანაშაულის ცენტრთან, რომელიც ევროპოლის სისტემაში 2013 წელს შეიქმნა.

2017 წლის აპრილში საქართველომ ევროპოლთან გააფორმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ევროპის პოლიციურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას პრაქტიკულად ონლაინ-რეჟიმში ითვალისწინებს.

ევროპოლი ებრძვის ტერორიზმს, ტრანსსასაზღვრო დანაშაულს, იარაღისა და ნარკოტიკების არალეგალურ ვაჭრობას. ორგანიზაციის ამოცანებში შედის საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ეროვნული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და სხვადასხვა სახელმწიფოს სამართალდამცველებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გაუმჯობესება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0