თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. საქართველომ გაუსწრო ევროპის ხუთ ქვეყანას, ასე რომ ჩინური კომპანია Changan Automobile ელექტრომობილების ქარხანას სწორედ აქ ააშენებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პირველი არხის ეთერში.
საქართველოში პირველი ელექტრომობილების გამოშვებას ჩინური კომპანია დაიწყებს >>
ქარხანა ქუთაისში აშენდება და უკვე 2020 წელს ავტომობილების წარმოება დაიწყება. ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი წელიწადში, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი ავტომობილები ექსპორტზე იქნება გატანილი ევროკავშირში.
„ამ პროექტისთვის იბრძოდა რამდენიმე ქვეყანა და საქართველომ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. ხუთ ევროპულ ქვეყანაზე იყო ლაპარაკი. ეს პროექტი ჩვენთვის ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს, ნიშნავს ექსპორტს, რადგან პროდუქციის ნახევარი იქნება ექსპორტირებული ევროკავშირში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეალურად უკვე ასეთ შედეგებს“, - აღნიშნა ქობულიამ.
მისი თქმით, ქარხანა დროთა განმავლობაში გაფართოვდება.
„თავიდან, კომპანიას მანქანების ნაწილები შემოაქვს, აქ არის აწყობა, აქ არის მონტაჟი, მაგრამ ნელ-ნელა თვითონ ამ შემადგენელი ნაწილების ლოკალიზაციაც მოხდება. ჯერ ეს დასაწყისია და ასეთი დასაწყისი რა თქმა უნდა ძალიან დიდ ბიძგს აძლევს სხვადასხვა საწარმოების განვითარებასაც, რომლებიც იქნებიან დაკავებული ამ საწარმოსთვის სერვისების გაწევით“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მინისტრის თქმით, სიმბოლურია ის, რომ ქარხანა სწორედ ქუთაისში აშენდება, ქალაქში, რომელიც ადრე ავტოწარმოების ცენტრად ითვლებოდა.
„დიდი ავტომწარმოებელი კომპლექსის განვითარებას ათობით კი არა, ასეულობით მილიონი დოლარი დასჭირდება, კომპანია ამას ეტაპობრივად განახორციელებს და დასაწყისში საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარზე“, - განმარტა ქობულიამ.
იაპონური ავტოგიგანტი საქართველოში ქარხნის აშენებას აპირებს >>
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ასეთი ქარხნის არსებობა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახება.
„ასეთი ტიპის წარმოება, ეს არის მაგალითი არა მარტო ავტოწარმოებაში, არამედ მაგალითად ელექტრონიკის წარმოებაში და ამას უყურებს მთელი მსოფლიო. ეს არის მსხვილი პროექტი და რა თქმა უნდა, ის გახდება სხვებისთვის მაგალითი, რომ საქართველო მზად არის ესეთი ინვესტიციების მისაღებად“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.