თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. თბილისში, დიღმის მასივში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა, რასაც ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდგომში აფეთქება მოყვა, ნათქვამია „ყაზტრანსგაზის“ საგანგებო განცხადებაში.
აფეთქება თბილისში, დიღმის რაიონში მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ყველანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
„ბინა, რომელშიც აალება მოხდა ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი გუშინ დატოვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
იმ კორპუსის მობინადრეები, რომელშიც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე იგრძნეს ძლიერი სუნი და „114“-ის ავარიულ სამსახურში დარეკეს, თუმცა, მათი განცხადებით, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები ადგილზე მხოლოდ აფეთქების შემდეგ მივიდნენ.
ამასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზი“ მეორე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აქვეყნებს შემოსული ზარების ქრონოლოგიას და მედიას მოუწოდებს თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.
„კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ შემოსულია 11:50:32 საათზე. სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია 11:55:27 საათზე, ხოლო ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე. შესაბამისად გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი თბილისის“ წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ 30 წუთის დაგვიანებით, სიცრუეა. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ყაზტანსგაზი“ ასევე მოუწოდებს მოსახლეობას გაზდანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.
ამჟამად „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტები აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ადგილზე მუშაობენ. ასევე ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.