თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სპეციალური განცხადება გააკეთა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მინისტრის განცხადებით, დაშავებული რვა ადამიანიდან ორის მდგომარეობა საყურადღებოა. ორივე მათგანს სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ.
„აფეთქების შედეგად რვა ადამიანმა მიიღო დაზიანება. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. თუმცა, მათ სამედიცინო დახმარება დაზიანების პირველივე წუთებიდან გაეწიათ. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან განაწილებულები. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა სერგეენკომ.
ექიმების განცხადებით, დაშავებული შვიდი თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„შვიდი თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია. ასევე, სტაბილური მდგომარეობა აქვს სხვებთან შედარებით მძიმე პაციენტს, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას სხეულის 35 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება. მიმდინარეობს დაკვირვება და 72 საათში გამოიკვეთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტურუამ.
რაც შეეხება 21 წლის გიორგი ხოშტარიას, მას შესაძლოა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას დამწვრობა აღენიშნება გულ-მკერდზე, ასევე კიდურებზე. ექიმების ინფორმაციით, ის კვლავ შოკურ მდგომარეობაში რჩება და მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს.
„გიორგი ხოშტაირა 21 წლის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში სხეულის თერმული დაზიანებით, 35%, თერმო ინჰალაციურიდაზიანება სასუნთქი გზების. ამ დროისათვის, პაციენტი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაციული ჩარევა სავარაუდოდ, მას შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ ეს უფრო ხვალ გადაწყდება. ამ ეტაპზე, რაიმე კრიტიკული ცვლილება მის ორგანიზმში და მის ზოგად მდგომარეობაში არ აღინიშნება, თუ რაიმე დაავადების მსვლელობისას გამოიხატა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები,“ - განაცხადა რეანიმაციის მორიგე ექიმმა, იაგო მათიკაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
დღეს თბილისში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ცარიელი იყო. მეზობლების განცხადებით, ბინა ახლახან გაქირავდა. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია ფასადის კედელი, ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები, დაზიანდა ეზოში მდგომი ავტომობილები.