თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. წითელას ეპიდემია საქართველოში გრძელდება – სპეციალისტები ყოველდღიურად 15-20 ახალ შემთხვევას ავლენენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქართველოში წითელას ეპიდემიაა. უფრო ადრე განაცხადეს, რომ ნორმად მიიჩნევა წელიწადში დაავადების 10 შემთხვევა. გასულ წელს წითელათი დაინფიცირებულთა რიცხვი ოდნავ აღემატებოდა 2 ათასს. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 1 იანვრიდან ყველა გეგმური აცრა გახდა სავალდებულო, მათ შორის წითელას აცრაც.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წითელა განსაკუთრებით გავრცელებულია 20-40 წლის ასაკის მოქალაქეებში, რომლებმაც ზუსტად არ იციან, ჩაიტარეს თუ არა აცრა, ან აქვთ თუ არა გადატანილი წითელა. გამყრელიძე ყველას მოუწოდებს, აიცრან, სხვაგვარად წითელას შეჩერება შეუძლებელი იქნება.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვის განმავლობაში არის გარკვეული სტაბილიზაციის დინამიკა, ანუ ზრდის ტემპი ისეთი არაა, როგორიც ის იანვარ-თებერვალში იყო, მაინც ყოველდღე 15-20 ახალი შემთხვევა გვხვდება. ბოლო მონაცემებით, სამ თვეში 2,88 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან დაახლოებით 60%-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. არის სიკვდილის ორი შემთხვევა.
იანვრიდან წითელას აცრა საქართველოში 112 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, მაგრამ ეს არასაკმარისია. წითელას შესაჩერებლად წელს 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია, აღნიშნა გამყრელიძემ.
გასულ წელს წითელას შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამივე – ბავშვი. ისინი წითელაზე აცრილი არ იყვნენ.
სომხეთი საქართველოს წითელას ვაქცინის 30 ათას დოზას გადმოსცემს>>
წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.