წითელა საქართველოში – ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშიწითელაზე აცრა
წითელაზე აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს წითელათი დაინფიცირებულთა რიცხვი ოდნავ აღემატებოდა 2 ათასს, დაახლოებით ამდენივე ინფიცირებული დაფიქსირდა 2019 წლის მხოლოდ სამ თვეში.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 16 მარტის ჩათვლით პერიოდში წითელათი დაავადების 2,3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, განუცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

საქართველოში წითელას ეპიდემიაა. უფრო ადრე განაცხადეს, რომ ნორმად მიიჩნევა წელიწადში დაავადების 10 შემთხვევა. გასულ წელს წითელათი დაინფიცირებულთა რიცხვი ოდნავ აღემატებოდა 2 ათასს და დაახლოებით ამდენივე ინფიცირებული დაფიქსირდა 2019 წლის მხოლოდ სამ თვეში. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 1 იანვრიდან ყველა გეგმური აცრა გახდა სავალდებულო, მათ შორის წითელას აცრაც.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
2019 წელს წითელას 2 100 შემთხვევა დაფიქსირდა

გამყრელიძის განცხადებით, აღარ არის ისეთი სწრაფი ზრდა, როგორც ეს იანვარ-თებერვალში იყო. 19 იანვრიდან აცრა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.

„წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება, სხვა საშუალება წითელას შეჩერების არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ არა ხართ აცრილი, ან არ გახსოვთ, აცრილი ხართ თუ არა, აუცილებელია მიმართოთ პოლიკლინიკებს და ერთი აცრა გაიკეთოთ", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. გამყრელიძე მოუწოდებს მშობლებს, რომ ბავშვების აცრის გრაფიკი შეამოწმონ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ერთი და ხუთი წლისა არ არის აცრილი, აუცილებელია მისი აცრა.

ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრებში დაიგზავნა გამყრელიძის განკარგულება, რომელშიც ის მოუწოდებს მედიკოსებს, აქტიურად შეახსენონ მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია 20-40 წლის ასაკის მოქალაქეებზე, რომლებმაც ზუსტად არ იციან, ჩაიტარეს თუ არა აცრა, ან აქვთ თუ არა გადატანილი წითელა.

წითელა საქართველოში: რა ელოდება აუცრელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს>>

გასულ წელს წითელამ სამი ადამიანი იმსხვერპლა, სამივე ბავშვი იყო, რომლებიც ამ დაავადებაზე აცრილი არ ყოფილან. წელს ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0