თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ჯერ კიდევ შესაძლებელია, განაცხადა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირველი პრეზიდენტის შვილის განცხადებით, გაიმართა მოლაპარაკება მთავარ პროკურორთან და დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც საქმის გამოძიებას და მის წარმატებით დასრულებას შეუწყობს ხელს.
„ღონისძიებები დაგეგმილია როგორც კრიმინალისტიკური, ისე კლასიკური გამოძიების მიმართულებით. როგორი იქნება შედეგი - ეს ცალკე საკითხია, ვინაიდან გამოძიება სპეციფიკური და რთული სფეროა. მით უფრო, რომ საქმე უკვე 26 წელია აღძრულია და ხან თაროზე იყო შემოდებული და ხან რეალურად მიდიოდა გამოძიების იმიტაცია“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, დღემდე სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარებულა და არ დაკითხულან მოწმეები, რომლებიც გამოძიებისთვის მართლაც ფასეულ ინფორმაციას ფლობენ. 2011 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ გამომძიებლებს გაუგზავნა 48 დასაკითხი პირის სია. ეს ადამიანები, მისი სიტყვებით, ფლობდნენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან და ფასეულ ინფორმაციას, მაგრამ ისინი დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.
„გამოძიება ყოველგვარი ჯვარედინი დაკითხვის გარეშე მიმდინარეობს. ყურადღება არ ექცევა შეუსაბამობებს. არ დაუკითხავთ არცერთი ოპერატიული მუშაკი, საქმეში მხოლოდ მისი გარემოცვისა და ადგილობრივი გლეხების ჩვენებებია“, - აღნიშნა პირველი პრეზიდენტის შვილმა.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნიდან განდევნეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
პირველი პრეზიდენტის ოჯახს არ ჯერა, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათი აზრით, გამსახურდია საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს. საქართველოს პროკურატურამ 2015 წელს გამოძიება „მკვლელობის“ მუხლით განაახლა.