„სოლიდარობა მუშებს!“: ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომიტინგეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

 

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს ექვსი პირი, ისინი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ვაკის პოლიციაში მოინახულა, იუწყება პირველი არხი.

სამაშველო ოპერაცია ჭავჭავაძეზე, მიწის ჩამოშლის ადგილას - Sputnik საქართველო
ვინ არის დამნაშავე თბილისში მშენებლობაზე მომხდარ ტრაგედიაში?

აქცია თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე კვირას, საღამოს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დაიგეგმა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია „სოლიდარობის ქსელი“. აქცია იმართება ლოზუნგით „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!“

კვირას საღამოს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე ჩამოიშალა მიწა და ორი მუშა მოიყოლა. ერთ-ერთის, 25 წლის მამაკაცის მიწის ქვეშ მოყოლილი ცხედარი მაშველებმა პრაქტიკულად მაშინვე იპოვეს, მეორე, 40 წლის მამაკაცის ცხედარს კი რვასაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათთან შესახვედრად 23:00 საათამდე მივიდნენ.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს დოკუმენტაციის შედგენა. გადაიყვანენ თუ არა დროებით მოთავსების იზოლატორში, ჯერ უცნობია, თუმცა თუ ეს მოხდება, ჩემი წარმომადგენელი დაკავებულებს მოინახულებს. ვკითხე თითოეულ მათგანს ხომ არ აქვთ პრეტენზია სახალხო დამცველთან და როგორი არის მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირებით იყო გარკვეული წუხილები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მას არ აქვს რაიმე პრეტენზია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

არსებული ინფორმაციით, ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა გზის მეორე ნაწილის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იმ შენობის ფასადი დააზიანეს, სადაც გუშინ სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლას ორი მუშა ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს თბილისის მერ კახა კალაძის შეთავაზებაზე, მათ სამუშაო სივრცეში შეხვდეს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ თუ თბილისის მერს შეხვედრა სურს, მათთან თავად უნდა მივიდეს.

ამის შემდეგ მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობით გაიარეს და გაემართნენ თბილისის მერის, კახა კალაძის სახლისკენ.

თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს.

თუმცა მომიტინგეები მოითხოვდნენ მერთან შეხვედრას და სკანდირებდნენ „ჩამოდი“.

ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო: ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო

კახა კალაძის სახლიდან შეკრებილები ვაკის პოლიციისკენ გაემართნენ, სადაც დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ამ დრომდე მომიტინგეებს არცერთი ოფოციალური პირი არ შეხვდა.

შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია თბილისში ხვალაც გაგრძელდება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ღვინჯილიამ განაცხადა.

„დღეს სოციალურ ქსელში დაანონსდება, ხვალ სად და როდის გაიმართება აქცია, სადაც პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდებიან. „სოლიდარობის ქსელი“ ამ სახელწოდების გვერდი სოციალურ ქსელში უკვე შექმნილია და სწორედ აქ დაანონსდება აქციის შესახებ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ადამიანის ტკივილს, რომელიც დღეს იჩაგრება“, – განაცხადა გიორგი ღვინჯილიამ.

რაც შეეხება ტრაგედიას, შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა ან სხვა მძიმე შედეგის შემთხვევაში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0