თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. „დროა ვიბრძოლოთ, რომ არ ვიგლოვოთ!“ - ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვას და მშრომელთა უფლებების დაცვას ითხოვენ.
აქცია თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე კვირას, საღამოს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დაიგეგმა. ინციდენტის დროს ჩამოიშალა მიწა და ორი მუშა მოიყოლა. ერთ-ერთის, 25 წლის მამაკაცის მიწის ქვეშ მოყოლილი ცხედარი მაშველებმა პრაქტიკულად მაშინვე იპოვეს, მეორე, 40 წლის მამაკაცის ცხედარს კი რვასაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
მთავრობის ადმინისტრაციიდან აქციის მონაწილეები რუსთაველის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე, ტრაგედიის ადგილისკენ გაემართნენ. მომხდარს ისინი აპროტესტებდნენ პლაკატებითა და ლოზუნგებით - „არა ბიზნესის დიქტატურას!“, „მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია!“, „კვირა დღე დასვენებას და არა სიკვდილს!“.
უბედური შემთხვევა ჭიათურაში: საბაგიროს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა >>
აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათთან შესახვედრად 23:00 საათამდე მივიდნენ.
აქციაზე მივიდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
საქართველოს პროფკავშირების მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში სამუშაო ობიექტებზე 39 ადამიანი დაიღუპა და 37 მძიმედ დაშავდა.
2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რათა სამუშაო ადგილზე ყოველი ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს. კანონი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებსაც აწესებს.
გარდა ამისა, 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დამსაქმებელი ვალდებულია, დააზღვიოს მუშახელი უბედური შემთხვევისგან.
ტრაგედიის ადგილი
ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც ყოფილი სამკურნალო კომბინატის ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ჯერ უცნობია, რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი.
ტრაგედიის მიზეზების შესწავლას შრომის ინსპექცია შეუერთდა. წინასწარი შეფასებით, ობიექტზე არ მიმდინარეობდა გარკვეული რისკების იდენტიფიკაცია, რაც მომხდარის მიზეზი გახდა.
„იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც ობიექტზე არსებობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული რისკების, არსებული საფრთხეების შეფასება არ ხდებოდა. სწორედ ამან გამოიწვია ეს კონკრეტული შემთხვევა. უფრო დეტალურად იმ სისტემურ და ძირითად მიზეზებზე საუბარს, რომლებმაც ეს შემთხვევა გამოიწვია, ჩვენ გამოძიების პროცესის და კომპლექსური შემოწმების დასრულების შემდეგ შევძლებთ“, - აღნიშნა მაია მიქაძემ.
იმის მიუხედავად, რომ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი ფირმა ახორციელებდა, დამკვეთი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება, აღნიშნა ინსპექტორმა.
„უსაფრთხოების ნორმები კონკრეტულ სამუშაო ობიექტზე შეთანხმების საფუძველზე ერთობლივად უნდა განისაზღვროს“, - ხაზი გაუსვა მან.
ვინ არის დამნაშავე?
კომპანიამ „ლეჩკომბინატი №1“ ყოფილი სამკურნალო კომბინატის შენობა 2010 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 7,3 მილიონ დოლარად შეიძინა. 1930-იან წლებში აშენებულმა შენობამ მუშაობა 2000-იან წლებში შეწყვიტა. ახლა ამ ადგილზე ახალი სამკურნალო დაწესებულების აშენება იგეგმება.
ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „ტრანსმშენმა“, რომელიც ყოფილი სამკურნალო კომბინატის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
„ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია „ხიმიჯ სერვის ორი“ ახორციელებდა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაც მას უნდა უზრუნველეყო. დაღუპული მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებული.
ამასობაში პოლიციამ უკვე დაკითხა კომპანია „ხიმიჯ სერვის ორის“ ხელმძღვანელობა, რომელიც აცხადებს, რომ მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„შეთანხმების თანახმად, ამ შემთხვევაში „ხიმიჯ სერვის ორი“ იყო პასუხისმგებელი მომუშავე პერსონალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამის უარყოფა არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა კომპანიის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.
შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა ან სხვა მძიმე შედეგის შემთხვევაში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.