ჯანდაცვის სამინისტრო: ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო

© Sputnik / Shota Nozadzeტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე
ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მეორე მუშას რვა საათის განმავლობაში ეძებდნენ.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik.  ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე, სადაც გუშინ ორი მუშა დაიღუპა, პირველადი დათვალიერებით შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ტრაგედია თბილისში: მაშველებმა მეორე დაღუპული მუშის ცხედარი იპოვეს>>>

უბედური შემთხვევა კვირას, 31 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. ერთი მუშის, 25 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მალევე ნახეს. მეორე მუშის, 40 წლის მამაკაცის ცხედარი კი მაშველებმა თითქმის რვასაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო 35 მაშველი.

ფერაძის განცხადებით, ობიექტზე გარკვეული ხარვეზები ფიქსირდება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის დოკუმენტაციას, მათ შორის, ჰქონდა თუ არა დამსაქმებელ კომპანიას მუშებთან ხელშეკრულება გაფორმებული. მისი თქმით, დეტალებზე საუბარს მოკვლევის დასრულების შემდეგ შეძლებს.

„გუშინ დავიწყეთ ობიექტის მოკვლევა, მაგრამ ვინაიდან მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები, პროცედურულად ხანგრძლივი აღმოჩნდა. გუშინ მოკვლევის პერიოდში რაც შევძელით, ის იყო, რომ დავათვალიერეთ ტერიტორია და დავიწყეთ შემსწრე პირთა და პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვა. დღეს დილიდან გაგრძელდება მოკვლევის პროცედურები და, შესაბამისად, გვექნება კომენტარის გაკეთების საშუალება... შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი დასკვნა იქნება ერთ-ერთი საფუძველი, რის მიხედვითაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა", – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, აღნიშნული ობიექტი მათი მხრიდან შემოწმებული არ იყო.

„ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ჩვენი მხრიდან არ იყო შემოწმებული, თუმცა მერიის მხრიდან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემოწმებული იყო“, – განაცხადა ფერაძემ.

© Sputnik / Shota Nozadzeტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე
ჯანდაცვის სამინისტრო: ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო - Sputnik საქართველო
ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე

ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ყოფილი „ლეჩკომბინატის" შენობის ფუნდამენტს ამაგრებდნენ. რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ტრაგედიის ადგილი ჭავჭავაძის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
ტრაგედია ვაკეში: მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა, მეორეს ეძებენ

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

ე.წ. „ლეჩკომბინატის" შენობა 1930-იან წლებში აშენდა. სამედიცინო დაწესებულებამ ფუნქციონირება 2000-იან წლებში შეწყვიტა. კომპანიამ „ლეჩკომბინატი№1" 2010 წელს საავადმყოფოს შენობა აუქციონზე შეისყიდა. ახლა ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, მძიმე დაზიანებები მიიღო 37-მა.

2018 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც სამუშაო ადგილზე ადამიანის უსაფრთხოების წესების დაცვასა და მის კონტროლს ითვალისწინებს. ამას გარდა, 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებლები ვალდებული არიან, დასაქმებულები უბედურ შემთხვევაზე დააზღვიონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0