თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობა რომან ბოკერიამ დაიკავა, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.
ბოკერიამ შეცვალა გივი დავითაშვილი, რომელიც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა. რომან ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო უწყებებში.
Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობის „გადაყენებას“ აპირებს >>
ბოკერიამ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით.
2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში - ჯონ ჰ. საიქსის ბიზნეს-კოლეჯში (John H. Sykes College of Business), მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში. ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი-ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
Georgian Airways არის კერძო კომპანია, რომელიც ფლობს სამ Boeing 737-700 NG-ს, სამ Embraer190-ს და CRJ200-ის ტიპის ერთ თვითმფრინავს. კომპანია Georgian Airways-ს ეროვნული გადამზიდავის სტატუსი აქვს მინიჭებული და საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე მისი წილი 11%-ს შეადგენს.
თბილისის აეროპორტი კვლავ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ნუსხაში მოხვდა >>
დღეისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს ლონდონში, ამსტერდამის, ვენაში, პრაღაში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, თელ-ავივში, ერევანში, ბარსელონაში, ბრიუსელში, პარიზში, კიოლნში, ბერლინში, ბოლონიაში, ათენში, თესალონიკში, ბრატისლავაში, ყაზანსა და ბათუმში.
Georgian Airways-ს ეკიპაჟები დაკომპლექტებული 21 კაპიტნით და 26 მეორე მფრინავით.