სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიით ჩვენი დროების ერთ მწვავე საკითხს გამოვეხმაურები. თემა არახალია და უაღრესად პრობლემური! ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება და მატულობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობა. ამბობენ, რომ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ლუდომანია! ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და პრაქტიკულად, ყველა მსურველს შეუძლია სახლის პირობებში კაზინოს მოწყობა. მასშტაბები კი მართლაც, რომ დიდია.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში ათ მილიარდ ლარზე მეტი აქვთ დახარჯული. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ როცა ვლაპარაკობთ ჭარბვალიანობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ აღებული კრედიტების დიდი წილი სწორედ აზარტული თამაშებისკენ მიემართება. არადა, აზარტული თამაშებიდან მიღებული ყველა სახის გადასახადი და მოსაკრებელი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს თამბაქოს აქციზის სახით. ეს მაშინ, როცა სათამაშო ბიზნესი ბრუნვის სიდიდით მნიშვნელოვანწილად აღემატება თამბაქოს ბრუნვის მოცულობას. სტატისტიკური მონაცემებით, ამ ბიზნესში 170-მდე სუბიექტი ოპერირებს და 7.7 ათასი ადამიანია დასაქმებული, ბრუნვამ გასულ წელს შეადგინა 5.6 მილიარდი ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 5 პროცენტით მეტია. აქვე დავსძენ, რომ სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 2018 წელს 136.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17 მილიონით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ზოგადად, 2014-2018 წლებში ამ ბიზნესიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხის მთლიანი მოცულობა სულ 71.6 მილიონი ლარით გაიზარდა. ციფრებით მკითხველს არ დავღლი, თუ საჭიროდ მიიჩნევს თავადაც გაეცნობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქსტატის მონაცემებს. მოკლედ ვიტყვი, რომ საქართველოში საბანკო საქმიანობის შემდეგ, სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა.
უკვე მრავალი წელია არავინ უარყოფს, რომ ლუდომანიამ მოიცვა მთელი საქართველო… ქვეყანა დაემსგავსა კაზინოს, სადაც საზოგადოებამ დაკარგა დროისა და რაც მთავარია რეალობის აღქმის უნარი. ხალხი თამაშს ფულის შოვნის მარტივ და უმოკლეს გზად მიიჩნევს. ჩვენში დიდი ხანია არავის აკვირვებს თამაშში წაგებული ცხოვრება და სუიციდით დასრულებული სიცოცხლე. ამ ვითარებაში ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე წლებია, რაც მუდმივად საუბრობენ, რომ ეს სფერო მოწესრიგებას საჭიროებს. ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში დიდი ხანია წარადგინა კანონპროექტი, რომელიც, კონკრეტულ რეგულაციებს ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე ექვსი წელია „დროში გაიჭედა“, კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშის მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ჯერაც თაროზეა შემოდებული და ისეთი პირი უჩანს ერთხანს კვლავაც მტვერს დაიდებს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს ჩვენში გავლენიანი პირები ლობირებენ და კანონმდებლობაში ცვლილებებს სწორედ ეს აფერხებს.
ანალიტიკოსი გიორგი კეპულაძე: „არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება – სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი! ლობისტები არიან ჩართული, ცდილობენ, კანონპროექტი რაც შეიძლება გვიან ამოქმედდეს. აქვე, ჩვენ არ უნდა დაივიწყოთ, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა აზარტული თამაშის მოყვარულთათვის იმ ქვეყნებიდან, სადაც სათამაშო ბიზნესი აკრძალულია. ეს მეზობელი სახელმწიფოებია. ქვეყანაში ტრენდულია მიდგომა, რომ ეკონომიკისთვის ყველა ბიზნესი კარგია. ეს შეცდომაა − სათამაშო ბიზნესი წახალისებულია და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. სათამაშო ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მიმართულებად ჩამოყალიბდა...“
რეალურად რა აფერხებს რეგულაციების დაწესებას − შესაბამისი პოლიტიკური ნების არ ქონა თუ მოსალოდნელი პოზიტიური ფისკალური ეფექტი? სავარაუდოდ, ორივე ერთად, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და მას თავს არავის ვახვევ.
რამდენიმე წლის წინათ ფინანსთა სამინისტროში მომზადებული კანონპროექტის განხილვისა და მიღების მოლოდინში, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით დეპუტატთა ექვსკაციანმა ჯგუფმა კიდევ ერთი კანონის პროექტი შეიმუშავა. ის უშუალოდ სათამაშო ბიზნესის რეგულირებას არ ეხება და მისი მიზანია აზარტული და მომგებიანი თამაშების მხოლოდ რეკლამის გავრცელების აკრძალვა. მიუხედავად იმ დაპირებისა, რომ ხალხის რჩეულები გადაწყვეტილებას მარტის თვის პირველ დეკადაში მიიღებდნენ, კანონის პროექტზე ჯერ არავის უმსჯელია. რატომ? პროექტის ავტორმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ღიად განაცხადა, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული. „სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის „თხოვნით თუ მოთხოვნით“ არის გაჩერებული,“ - აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი. რატომ შეაჩერა კანონპროექტის განხილვა ირაკლი კობახიძემ? ამ კითხვაზე თავად სპიკერს არაფერი უთქვამს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნის პირველ კანონმდებელს სათამაშო ბიზნესში საკუთარი ინტერესი ჰქონდეს... დავესესხები ოტია იოსელიანს და ვიტყვი, რომ „წყაროზე შეკრებილთაგან“ საქვეყნო ამბებზე სჯა-ბაასისას ჯერ არავის არაფერი უთქვამს ირაკლი კობახიძის, ზოგადად, ბიზნესინტერესებზე. კითხვაზე არა აქვთ პასუხი უმრავლესობის სხვა წევრებსაც, მათ არც ის იციან დაუჭერენ თუ არა მხარს ყოფილი თანაგუნდელის ინიციატივას, რომელიც წლებია ცდილობს „ლაგამი ამოსდოს“ სათამაშო ბიზნესს.
მმართველი გუნდის წევრისგან განსხვავებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
რომან გოცირიძე: „კანონპროექტს მხარს ვუჭერ, საკომიტეტო განხილვაზეც ერთადერთი შენიშვნა მქონდა. საპარლამენტო უმრავლესობას თუ არ უნდა ამ კანონის მიღება, გაიტანოს და ჩააგდოს კენჭისყრაზე. ალბათ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და, როგორც ჩანს, ტექნიკური მიზეზებით აფერხებენ კანონის მიღებას, რაც არ არის სწორი. დაიცვან რეგლამენტი და ყველამ დაინახოს, ვინ უჭერს მხარს და ვინ არა...“
ამასობაში სათამაშო ბიზნესი ლუდომანებს ახალ სერვისს სთავაზობს. მოგეხსენებათ, რომ საბანკო სექტორი აზარტული თამაშის მოყვარულებს ნდობით არც აქამდე ეპყრობოდნენ, მაგრამ ბოლო დროს საკრედიტო პოლიტიკა გამკაცრდა იმ მომხმარებლებს, რომელთა ანგარიშზეც სათამაშო ბიზნესის სხვადასხვა სუბიექტებთან საბანკო ტრანზაქციები დაფიქსირდა კომერციული ბანკები სესხის დამტკიცებაზე უარს ეუბნებიან. ამ „პრობლემის“ მოსაგვარებლად ბიზნესის მესვეურებმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნეს. თანხის ბრუნვა დაფარულია და საბანკო ამონაწერებში არ ჩანს. პლასტიკური ბარათების რეკლამირებისას ყურადღება სწორედ კონფედენციალურობაზე მახვილდება. ეს ყველაფერი გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, გაზრდის საბანკო რისკებს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად. აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვით სათამაშო ბიზნესი პოზიციების გამყარებას ცდილობს.
და ბოლოს, დასკვნის სახით, ვიდრე სახელისუფლებო კულუარებში სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობენ, „ჭაობში ჩაფლულთა“ დიდ არმიას შესაძლოა ათასობით ჩვენი მოქალაქე შეემატოს...