ვიტალი შუშკო ანიმაციური ანთოლოგიის - Love, Death & Robots - ერთ-ერთი შემქმნელია. ფილმის პრემიერა Netflix-ზე შედგა. შუშკო საუბრობს „დედპულის“ რეჟისორ ტიმ მილერთან თანამშრომლობაზე, ნაცნობობის მნიშვნელობასა და იმაზე, როგორ შეუძლია ერთ არასწორ გადაწყვეტილებას ყველაფრის გაფუჭება.
კიბორგების ბანდა იასამნისფერ უდაბნოში ჯავშნიან ბადრაგს მისდევს. მათ დეტალურად გათვლილი გეგმა აქვთ, არსენალში კი ჰყავთ უხეში ძალა და უამრავი ტყვიამფრქვევი, მაგრამ მთელი გეგმა ერთმა მიწის კურდღელმა შეიძლება ჩაშალოს. ასეთია მოკლემეტრაჟიანი Blind Spot-ის (ბრმა ლაქა) კვანძი დამოუკიდებელი რუსი ანიმატორების - ვიტალი შუშკოსა და ელენე ვოლკისგან. Blind Spot შევიდა „დედპულის“ რეჟისორის, ტიმ მილერის ანიმაციურ ანთოლოგიაში Love, Death & Robots. პროექტის პროდიუსერი „მებრძოლთა კლუბის“ ავტორი დევიდ ფინჩერია.
15 მარტს მთელი მსოფლიოს მსხვილი სტუდიებისა და გუნდების მიერ შექმნილი 18 მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან შერჩეული ეს რამდენიმე ნამუშევარი უმსხვილეს სტრიმინგულ სერვისზე Netflix-ზე გამოჩნდა.
ჩვენ გავესაუბრეთ 39 წლის ვიტალი შუშკოს, რომლის ფილმიც მილერისა და ფინჩერის პროექტისთვის შეირჩა.
პროექტ Netflix-ის შესახებ
კრებულის სახით ზრდასრულებისთვის ანიმაციის შექმნის იდეა მილერსა და ფინჩერს ჯერ კიდევ 8 წლის წინ, 2011 წელს გაუჩნდათ, როდესაც ორივე მუშაობდა ფინჩერის ფილმზე „გოგონა დრაკონის ტატუთი“. მაშინ ტიმ მილერის სტუდია „Blur Studio“ ფილმისთვის შესავალს იღებდა.
„ძალიან შავბნელი და გემოვნებიანი, კიბერპანკის სტილის გამოვიდა. მაშინ მიხვდნენ მილერი და ფინჩერი, რომ მათ ბევრი საერთო ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ორივეს მოსწონდა ანიმაციური ფილმი უფროსებისთვის 1980-იანებიდან - Heavy Metal (რეჟ. ჯერალდ პოტერტონი), რომლის სლოგანიც იყო „Sex and crime and rock ‘n’ roll“. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ პროექტს არავინ აღარ კიდებს ხელს, რადგან არავინაა მზად, დააფინანსოს ანიმაცია რეიტინგით 18+“, - ამბობს ვიტალი შუშკო.
„დედპულის“ წარმატება მილერისთვის იყო ნიშანი იმისა, რომ დადგა უფროსებისთვის კინოკომიქსის შექმნის დრო. Netflix პირველი გამოეხმაურა ამ ინიციატივას.
„გვითხრეს, რომ აუდიტორია ზრდასრული ხალხია, მულტფილმები - R რეიტინგით. ამიტომ არ გვჭირდება მოლაპარაკე კურდღლები. უნდა იყოს მეტი სისასტიკე, ბევრი სისხლი, ძალადობა და უხეში ტექსტი, - იხსენებს შუშკო, - მე დავთანხმდი. ბაზარი გადატვირთულია მოლაპარაკე საყვარელი ცხოველებით, მიკი მაუსი - მეფეა. მაგრამ ახლა ხალხს სჭირდება
რამე უფრო მკაცრი. პორნოგრაფიაზე არ ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს სერიოზული ისტორიები უფროსებისთვის“.
შედეგად მილერმა და ფინჩერმა მინირევოლუცია მოაწყვეს - მათ პირველებმა გამოიყვანეს ანიმატორები Vimeo-დან და ფესტივალებიდან დიდ მოედანზე.
Blind Spot-ის შესახებ
Love, Death & Robots პროექტისთვის ავტორების ძიება 2016 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ, როდესაც ვიტალი შუშკომ და ელენე ვოლკმა პირველი ანიმაციური ფილმი X Story გამოუშვეს.
„ფილმი ნახა ტიმ მილერმა და ავტორები პროექტში მიიწვია. პირველები ვიყავით, ვინც მიიღეს და, სხვათა შორის, ერთადერთი გუნდი, რომელიც სტუდიას არ წამროადგენდა. ყველა დანარჩენი ნამუშევარი მსხვილ სტუდიებს ეკუთვნის. თავად მილერის სტუდიამ „Blur Studio“ თავის თავზე საქმის 40% აიღო. ჩვენი გუნდი სულ 6 კაცისგან შედგებოდა. რაღაც გაგებით, ერთგვარი გმირობაც გამოვიჩინეთ“, - ამბობს შუშკო.
მაგალითად, პროექტში მონაწილეობდა Passion Animation Studio, რომელიც იღებს კლიპებს Gorillaz-ისთვის, ან Sony Pictures Imageworks (ფილმები Marvel-ის სერიიდან).
Blind Spot-ს წელიწად-ნახევარი იღებდნენ. შუშკოს და ვოლკის პირველ ფილმს - X Story - შავბნელი და მძიმე დასასრული აქვს. რუსი ანიმატორები ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამას ელოდნენ მათგან, მაგრამ ყველაფერი ასე არ მოხდა.
„თავდაპირველად იყო იდეა, დაფუძნებული ტრანსჰუმანიზმზე - რომ ჩემი კიბორგები ოდესღაც ადამიანები იყვნენ. შედეგად კი ისე მოხდა, რომ კიბორგების სამყაროში სიკვდილიც კი შეუძლებელი გახდა. თუმცა, არა მგონია, მაყურებელი ამას ფილმის ყურების დროს ჩაუღრმავდეს. ის ალბათ ფიქრობს: „მაგარია, სახალისო იყო“, - ამბობს ვიტალი.
ძირითადად, მილერის Blur Studio-სთან ვმუშაობდით. Netflix - მხოლოდ კონტენტის მფლობელი და სპონსორია, რომელსაც საბოლოო შედეგი აინტერესებს.
„მილერი, როგორც ანიმაციის სამყაროში ხდება ხოლმე, რეკომენდაციის საფუძველზე დაგვიკავშირდა. არავითარი ღია კონკურსი Love, Death & Robots-ის შესაქმნელად არ გამოცხადებულა“, - ყვება Blind Spot-ის რეჟისორი.
რუს ანიმატორებზე „დედპულის“ რეჟისორს გაბრიელ პენაკიოლიმ - ცნობილმა ანიმატორმა უამბო. მისი გადაღებულია „კუნგფუ პანდა“, „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ და სხვა ჰიტები. მან Dreamworks-ის სტუდიაზე 15 წელი იმუშავა. ვიტალი და პენაკიოლი დიდი ხნის განმავლობაში უწერდნენ კომენტარებს ერთმანეთს ბლოგებზე. შუშკო იქ თავისი პროექტების სკეჩებს აქვეყნებდა.
„მუდმივად მეკითხებოდნენ, რაზე ვმუშაობდით იმ მომენტში; ზოგიერთი იდეა იბლოკებოდა, რადგან ტიმ მილერი უკეთ ხედავდა, როგორ ჩაჯდებოდა ესა თუ ის ეპიზოდი კრებულის კონტექსტში, სად იყო საჭირო მეტი დინამიკა, რა ამუხრუჭებდა სიუჟეტს. საერთოდ, სცენარი - ცოცხალი ორგანიზმივითაა. ნებისმიერ მომენტში შეგიძლია აღმოაჩინო ზედმეტი სცენა და ყველაფერი გადაითამაშო“.
„სხვათა შორის, Netflix ძალიან ლოიალური იყო, მათ თითქმის ყველაფერი მოსწონდათ და ცოტა კომენტარს აკეთებდნენ. ჩემი ჰონორარით ბინაში რემონტი გავაკეთე. ისე კი Netflix-ის ჰონორარით, ვფიქრობ, ერთ წელიწადს იცხოვრებ“, - ამბობს შუშკო.
ამჟამად შუშკო სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს. იქ დაამთავრა შტიგლიცის სახელობის სამხატვრო აკადემია, დონის როსტოვში კი - სამხატვრო სასწავლებელი.
„ისეთ ადგილებში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, სადაც ყველაფერი ძალიან შორს იყო ანიმაციისგან. თან 1990-იანი წლები იდგა, ანუ შანსი ნულის ტოლი იყო. მაგრამ შემდეგ რუსეთში გაჩნდა ინტერნეტი, ფორუმები, ბლოგები - და საქმეც დაიძრა“, - იხსენებს იგი.
თავისი პირველი ფილმი 2013 წელს ჩაიფიქრა. შემდეგ კი იმავე გაბრიელ პენაკიოლიმ შესთავაზა პორტფოლიოს DreamWorks-ში გაგზავნა. მართალია, პასუხს შუშკო მთელი წელი ელოდა. სამაგიეროდ, ამ პერიოდში მეგობრებთან ერთად შექმნა პროექტი - კომიქსი აიპადებისთვის. ვიტალი წამყვანი მხატვარი იყო.
„როდესაც DreamWorks-იდან პასუხი მოვიდა, ჩვენ უკვე გაკეთებული გვქონდა პროექტის 4 თავი, რომლებიც ძალიან მომწონდა. ეს რთული არჩევანი იყო. მაგრამ ჩემთვის გადავწყვიტე - არ ვიცი, რას მომიტანს DreamWorks-თან თანამშრომლობა, მაგრამ საჭიროა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა“, - ამბობს ვიტალი.
როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ მალევე ლოს-ანჯელესში ანიმაციის ერთ-ერთი განყოფილება დაიშალა (სწორედ ის, სადაც ვიტალის ეპატიჟებოდნენ) წამგებიანი ფილმის გადაღების გამო. რუსი ანიმატორი ინტუიციას არ მოუტყუებია: „რომ დავთანხმებულიყავი, დავრჩებოდი DreamWorks-ის გარეშეც და კომიქსებისა და მეგობრების გარეშეც, ელენე ვოლკის გარეშე, რომელიც Blind Spot-ის წამყვანი ანიმატორი იყო. ისიც ერთი წელიწადი მუშაობდა დისნეის სტუდიაში „მოანაზე“.
ვიტალის სიტყვებით, დღეს ის უკვე აღარ დასთანხმდებოდა დიდ სტუდიაში მუშაობას: „იყო პატარა ჭანჭიკი დიდ კორპორაციაში თუ შექმნა საკუთარი პროექტები - არჩევანი ნათელია. თანაც დარწმუნებული ვარ, რუსი ანიმატორებისგან წარმოუდგენელი, ძალიან მაგარი პროექტები გველის. დიახ, ახლა რუსეთს არ აქვს განსაკუთრებული პროექტები, მაგრამ ჰყავს ნიჭიერი ადამიანები. ვფიქრობ, ძალიან მალე გამოჩნდება ის, რითაც ყველანი ვიამაყებთ“.