თემიდას თვალები და ღირსეული სიბერის პერსპექტივა...

© photo: Sputnik / SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსაპენსიო რეფორმა
საპენსიო რეფორმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას იტყვის მართლმსაჯულება – შეიძლება თუ არა იძულება იყოს ნებაყოფლობითი, როგორია გამოცდილება, შეძლებს თუ არა საპენსიო ფონდი ეფექტურად განკარგოს მოქალაქეთა დანაზოგები?

სამსონ ხონელი

ორიოდე კვირაც და წამზომი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის დასრულებას აითვლის. ეს ზუსტად ის დროა, რაც ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველი სიახლის შინაარსს კარგად იცნობს და ზედმეტი დეტალიზაცია საჭირო არ არის, მას ისიც მოეხსენება, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ამას მრავალი წელი დასჭირდება. ახლა მხოლოდ პროგნოზი კეთდება...

პესიმისტები ვარაუდობენ, რომ წლების განმავლობაში დაზოგილი თანხები არც მიეცემათ და არც დაეკარგებათ, ფინანსებს სახელმწიფო სხვა მიზნით განკარგავს, ბუნებრივია, იმ პირობით, რომ მოსახლეობას ოდესმე დაუბრუნებს. ამგვარი ხედვის ავტორებს არგუმენტად დაკარგული ანაბრების მაგალითი მოჰყავთ. საზოგადოების ნაწილის უნდობლობას ანალიტიკოსთა ერთი ჯგუფიც იზიარებს. მათი შეფასებით, საპენსიო სისტემის რეფორმისთვის საქართველოს ეკონომიკა მზად არ არის. ოპტიმისტები რეფორმას წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, ის, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ქვეყანაში გრძელვადიანი ლარის რესურსის ზრდას, საფინანსო ბაზრების გააქტიურებასა და ეკონომიკურ ზრდას. ოპტიმისტები მიანიშნებენ, რომ წლების წინ ასეთივე უნდობლობა იყო კომერციული ბანკების მიმართ, ხოლო ახლა ეს პრობლემა ამოწურულია და, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში ფიზიკური პირების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში 2.8 მილიარდ ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 9,5 მილიარდ ლარს აჭარბებდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
რა ბედი ელის პენსიებს საქართველოში - სასამართლომ რეფორმის კანონიერების შესწავლა დაიწყო

ყველანი თანხმდებიან, რომ პროექტი ამბიციურია, გრძელვადიან პერიოდს მოიცავს და აქამდე განხორციელებულ სხვა სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს შორის ყველაზე ხანგრძლივია. ამიტომ, როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, მთავრობას ყველა ეტაპზე მოუწევს იმის დამტკიცება, რომ შეუძლია მოსახლეობის მიერ დაზოგილი მილიარდობით ლარი ეფექტურად განკარგოს. შეძლებს თუ არა ის ამას, მომავალი გვიჩვენებს... 

ამასობაში საპენსიო ფონდის მოცულობამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა და თანხების ნაწილი ამ დროისთვის კომერციული ბანკების დეპოზიტებზეა განთავსებული, ნაწილი კი ეროვნული ბანკის ანგარიშზე. ქვეყნის მთავარი ბანკის შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6.75 პროცენტია, კომერციულ ბანკებში კი 5-დან 8.5 პროცენტამდე მერყეობს. თანხების განკარგვა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება.

პენსიონერი ბაზარში - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: პენსიონერები დანაზოგს არ დაკარგავენ

საგულისხმოა, რომ სისტემას, რომელიც ეს-ესაა დაიქოქა, საფრთხე დაემუქრა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხის განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას ითხოვენ. „სარჩელის მომზადებისას ჩვენ გავეცანით დასავლეთ ევროპის გამოცდილებას, ზოგ ქვეყანაში ეს მოდელი ამართლებს, ზოგან კი არა. მაგალითად, პოლონეთში ეს რეფორმა სრული კრახით დასრულდა. თუმცა რეფორმის ავკარგიანობაზე არ არის საუბარი, პრობლემა მასში მოქალაქეების იძულებით ჩართვაა“, – განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინტერესების დამცველმა ედუარდ მარიკაშვილმა. მოსარჩელეთა შეფასებით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე ნორმა აშკარა შეუსაბამობაშია საკუთრების უფლებასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო გარანტიებთან. ამიტომაც სარჩელის ავტორებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო საქმეს არსებით განხილვაში აუცილებლად მიიღებს. „შეიძლება იდეა კეთილშობილურია, მაგრამ სახელმწიფომ ნება უნდა მოგვცეს ჩვენით გადავწყვიტოთ – ჩავერთოთ თუ არა, ბევრი დავაგროვოთ თუ ცოტა. გერმანიაში სავალდებულო წესი მხოლოდ ერთი წლით განისაზღვრება, ჩვენთან კი, წარმოიდგინეთ, ოცი წლის ადამიანმა მუშაობის შემთხვევაში 40 წლის განმავლობაში უნდა იხადოს თანხა და ასე შექმნას იძულებითი ანაბარი, ეს იძულებითი გადასახადია“, – განაცხადა მოსარჩელე დავით თორაძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საპენსიო რეფორმის გარეშე სოციალურის დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია

რას იტყვის თემიდა და როგორი იქნება მისი უდიდებულესობის ვერდიქტი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და იურიდიული კომპანიის „თორაძე და პარტნიორების“ საერთო სარჩელზე, უახლოეს მომავალში შევიტყობთ. თუმცა კი „იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საპენსიო რეფორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები მოქალაქეებს სარგებლით დაუბრუნდებათ“, – ასე გვამშვიდებს საპენსიო ფონდის დირექტორი ლევან სურგულაძე. მისივე განმარტებით, საპენსიო ფონდის შენატანი ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო და ამას კონსტიტუციაც ითვალისწინებს. „ეს არის ნახევრად სავალდებულო ჩართულობა, სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ასაკის კატეგორიისთვის. ეს სავალდებულოა ყველა ქვეყანაში როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, ასე რომ, იძულებითი არის ტიპური მოვლენა, რადგან ადამიანები არ არიან ინფორმირებული ამ სახის სიკეთეებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება და კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გარკვეული იძულება“, − განაცხადა საპენსიო ფონდის დირექტორმა, რომელიც არც იმ ვარაუდს იზიარებს, რომ ფონდში შეტანილი თანხა დროთა განმავლობაში გაუფასურდება. „საპენსიო თანხების ინვესტირება ხდება, შესაბამისად, თანხას ერიცხება სარგებელი, რომელიც ინფლაციას დაარეგულირებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სარგებელი 7-8 პროცენტამდე იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაცია გაიზრდება, გაიზრდება ამონაგები იმ ინსტრუმენტიდან, რა ინსტრუმენტშიც მოთავსებულია ეს თანხები“, – ასე ამბობს ლევან სურგულაძე. ინფლაციის შედეგად მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების გაუფასურების საკითხს ამჯერად გვერდზე გადავდებ და მას სხვა დროს დავუბრუნდები. ახლა კი გეტყვით, რომ თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ძირითადად დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულო ხასიათისაა.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
რამდენი პენსიონერი მასწავლებელია საქართველოში

კიდევ ერთი საკითხი – არის თუ არა საპენსიო სისტემა წნეხი ბიზნესისთვის? ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ორივე მხარისთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულებაა. დასაქმებულს ხელფასიდან ფინანსური ვალდებულება 1.6 პროცენტით ეზრდება, მაშინ, როცა ყოველ ათას ლარზე გადახდილი ოცი ლარი მის საპენსიო ანგარიშზე მაშინვე სამოც ლარამდე ეზრდება და ამ თანხას ყოველწლიურად დაემატება სარგებელი, ამ ეტაპზე ეს 7 პროცენტია. დამსაქმებელს ფინანსური ვალდებულება ხელფასის ფონდის 2 პროცენტით ეზრდება. ჯამში დასაქმებულისა და დამსაქმებლის ხელფასის ფონდის 3.6 პროცენტი შეიძლება ბევრმა დამსაქმებელმა თავის თავზე აიღოს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ბოლო ათი წლის სტატისტიკა, როდესაც ნომინალური საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი 4.1 პროცენტზე დაბალი არ ყოფილა. აქვე უნდა ითქვას, რომ იქნებიან დამსაქმებლები, რომლებიც არ შეიმცირებენ მოგებას და შეამცირებენ სახელფასო ფონდს ან ხელფასს გაწერენ ორმოც წელზე ზემოთ ასაკის მქონე პირებზე.

ეს ყველაფერი ვარაუდია, შესაძლოა უფრო მეტიც − ანალიზის მცდელობაც კი კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, მაგრამ მთავარია, დაინახავს თუ არა თემიდა დაგროვებით საპენსიო სისტემაში ღირსეული სიბერის პერსპექტივას...  

ყველა ახალი ამბავი
0