თბილისი, 12 მარტი — Sputnik. გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე საქართველოს ყველა აბიტურიენტს მოუწოდებს არ დააგვიანონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გავლა.
12 მარტს საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება. აბიტურიენტების გარდა რეგისტრაციის გავლა სტუდენტებსაც შეუძლიათ. მათ შეუძლიათ გაიარონ საგრანტო კონკურსი და სწავლის დაფინანსება გაზარდონ. რეგისტრაცია ეხება მათაც, ვისაც ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სურს. რეგისტრაციის პროცესი 3 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელით, მინდა გთხოვოთ, რომ ბოლო დღემდე არ მიიყვანოთ რეგისტრაციის პროცესი, რათა შემდეგ რამე პრობლემა არ წამოიჭრას“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
მისი თქმით, ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში აბიტურიენტებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (032 247 33 33). გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (naec.ge) წარმოდგენილია გზამკვლევი აბიტურიენტებისათვის და სტუდენტებისათვის. მასში ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ყველა საჭირო და დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი.
„მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებით, აუცილებლად შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა მიიღეთ თუ არა დასტური რეგისტრაციის შესახებ. თუ ასეთი დასტური არ გაქვთ, სავარაუდოდ, რეგისტრაცია ბოლომდე ვერ გაიარეთ და ამიტომ გთხოვთ ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ“, - განაცხადა გორგოძემ.
ლადო აფხაზავა: საჭიროა ბავშვების მომზადება არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის >>
რაც შეეხება სიახლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, წელს ის შეეხო ტესტების ფორმებს ქართულ ენაში, ლიტერატურაში, უცხ ენაში და გეოგრაფიაში. სიახლეების შესახებ აბიტურიენტები შეიტყობენ ცნობარიდან, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა წარმოდგენილი.
„კიდევ ერთი სიახლეა გრანტის მიღების წესი. წელს სავალდებულო საგნებს შორის არის ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს, გასულ წელს ასეთი შესაძლებლობა არ იყო“, - განაცხადა გორგოძემ.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში იყო დაახლოებით 38 ათასი აბიტურიენტი, თუმცა წელს მოსალოდნელია, რომ ეს ციფრი გაცილებით დიდი იქნება.
გასული წლების მსგავსად, აბიტურიენტების რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე აბიტურიენტები შეძლებენ პირადი მონაცემების შეყვანას, ჩასაბარებელი საგნების დასახელებას და იმ ქალაქის არჩევას, სადაც ჩააბარებენ გამოცდებს.
3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტები ქალაქს ვეღარ შეცვლიან, მაგრამ 7 მაისამდე (18:00 საათამდე) შეუძლიათ საგნის შეცვლა ან არჩევითი გამოცდის დამატება.
ინფორმაციის მიღება განაცხადების ან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ შესაძლებელი იქნება სპეციალურ გვერდზე, რომელიც ფუნქციონირებას 12 მარტიდან დაიწყებს.
წელს აბიტურიენტებს ისევ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.