თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმა შეეხება ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებს, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
სკოლის მასწავლებლების ხელფასი სამჯერ გაიზრდება >>
მისი თქმით, 2020 წლისთვის მისაღები გამოცდების მოდელი შეიცვლება. საქართველოს ხელისუფლება ახლანდელი სისტემის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმსჯელებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წელს დაინერგა. იმისათვის, რომ გახდეს სტუდენტი, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს გამოცდები სამ აუცილებელ საგანში — ზოგადი უნარ-ჩვევები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ასევე ერთი გამოცდა არჩევით საგანში — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
ორშაბათს მინისტრმა თანამდებობებიდან მოხსნა თავისი მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე. აღნიშნული გადაწყვეტილება ბატიაშვილმა ახსნა იმით, რომ დაგეგმილი რეფორმების გატარება ახალ გუნდთან ერთად სურს.
ბატიაშვილის გადაწყვეტილებას მიმინოშვილი გამოეხმაურა. მან ახალ გუნდს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის გულშემატკივარი მომავალშიც იქნება.
„მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია“, — დაწერა მიმინოშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ის ლოგიკურს უწოდებს მინისტრის სურვილს რეფორმები საკუთარ გუნდთან ერთად განახორციელოს.
„ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება“, — ხაზგასმით აღნიშნა მიმინოშვილმა.