თბილისი, 4 მარტი - Sputnik. 2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრში აივ-ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30 შემთხვევით ნაკლებია, იუწყება პირველი არხი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 7 521 აივ-ინფიცირებულია. მათგან 5,6 ათასზე მეტი მამაკაცია, ხოლო ქალი – 1,8 ათასზე მეტი. პაციენტების უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.
დღემდე შიდსი განუვითარდა 4 ათასზე მეტ პაციენტს, დაიღუპა 1,5 ათას ადამიანზე მეტი. მკურნალობის კურსს გადის 4,6 ათასზე მეტი პაციენტი, მათგან 46 ბავშვია.
რაც შეეხება დაავადების გადაცემის გზებს, აივ-ინფიცირების ძირითადი მიზეზი კვლავ ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია (3,5 ათასზე მეტი); ნარკოტიკების ინექციის გზით მიღება (2,9 ათასზე მეტი); სქესობრივი კონტაქტები მამაკაცებს შორის (850 ადამიანი); ვერტიკალური გზა (დედიდან შვილზე - 105 ადამიანი); სისხლის გადასხმა (37 ადამიანი). 50 შემთხვევაში ინფექციის გადაცემის გზა დადგენილი არ არის.
აივ-ინფიცირების შემთხვევების განაწილება საქართველოს მასშტაბით:
თბილისი | 2 758 შემთხვევა |
სამეგრელო | 951 შემთხვევა |
იმერეთი | 933 შემთხვევა |
აჭარა | 839 შემთხვევა |
საქართველოში აივ-დაინფიცირების პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბოლო წლებში დაავადების ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ცენტრი შეახსენებს მოსახლეობას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-შიდსზე ტესტი და კონსულტაცია უფასოა.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.