თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. შიდსით დაავადებულების მკურნალობას 2018 წლიდან მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს, მანამდე კი ამას შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი აფინანსებს, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ-ინფექცია/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day).
„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 2018 წლიდან შიდსის მკურნალობის დაფინანსება გადავა სახელმწიფოზე“, — განაცხადა კვარაცხელიამ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ევროპაში ყოველდღიურად აივ-ინფიცირების დაახლოებით 400 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომრეობაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩაიტარონ აივ-ინფიცირების ანალიზი, რათა ორგანიზმში ამ ვირუსის არსებობა გამოირიცხოს. ხოლო დაავადების დადასტურების შემთხვევაში დაიწყონ მკურნალობა, რომელიც საქართველოში უფასოა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 6 065 აივ-ინფიცირებულია დარეგისტრირებული, აქედან, 4 508 მამაკაცია, ხოლო 1 557 – ქალი.
პაციენტების უმეტესობის ასაკი 29 წლიდან 40 წლამდე მერყეობს. სულ დღემდე შიდსი 3 399 ადამიანს განუვითარდა, გარდაიცვალა 1201 ადამიანი.
შიდსით დაავადების პირველი და იმ წელს ერთადერთი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წელს წლის დასაწყისიდან 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.