თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად აირჩიეს, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზე.
დღეიდან საქართველო უხელმძღვანელებს IACA-ს და ამავე დროს უმაღლესი განათლების ინსტიტუტს, რომლის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და მსოფლიოს მასშტაბით სფეროს პროფესიონალების მომზადებაა.
„საქართველოს საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად არჩევა კორუფციის წინააღმდეგ გატარებული წარმატებული რეფორმებით არის განპირობებული", - აღნიშნულია განცხადებაში.
IACA-ს საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას საქართველო 2015 წელს შეუერთდა, 2018 წლის სექტემბერში კი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
IACA-ში ქვეყანას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2017 წელს იუსტიციის სამინისტრომ ორგანიზაციის სამაგისტრო პროგრამასაც უმასპინძლა.
„პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური პროგრამების დირექტორატმა მიიჩნია, რომ საქართველო იდეალური ადგილია ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად, ამიტომაც სტუდენტებმა მსოფლიოს 16 ქვეყნიდან სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში გაიარეს", – ნათქვამია განცხადებაში.
წელს ასევე დაგეგმილია IACA-2019-ის სამაგისტრო კურსის ჩატარება.
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ბაზაც ავსტრიულ ქალაქ ლაქსენბურგში მდებარეობს.
ორგანიზაცია ინტერპოლის, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF) ინიციატივით შეიქმნა.