თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშივილის მკვლელობის მომზადებისთვის გასამართლებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოდან პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაშია გადაყვანილი, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სერგეენკო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთლობას საფრთხე არ ემუქრება>>>
მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში შაბათს საპატიმროდან გადაიყვანეს. ექიმებმა მსჯავრდებულს შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: ჰიპერტონული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის მომატებით იყო გამოწვეული და ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა.
„17 თებერვალს მსჯავრდებულს თავის ტვინის და ხერხემლის MRT გამოკვლევა ჩაუტარდა. აღნიშნული გამოკვლევებით თავისა და ზურგის ტვინში მწვავე კეროვანი პათოლოგია არ გამოვლენილა. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე 18 თებერვალს გაიმართა ნევროლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნის თანახმად, მოცემულ ეტაპზე თავის ტვინის ორგანული დაზიანების ნიშნები გამოვლენილი არ ყოფილა", - ნათქვამია განცხადებაში.
ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში ნევროლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების მონაწილეობით კონსილიუმი კვლავ გაიმართა, რომელმაც საბოლოო დიაგნოზი დასვა - დისოციაციური მოტორული აშლილობა.
„კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას, რისი ორგანული საფუძველიც გამოკვლევებით არ დადგინდა", - დასძინეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
ღუდუშაურის კლინიკაში დარწმუნებული არიან, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმები მამალაძის მკურნალობას მათ მიერ მიცემული რეკომენდაციების მიხედვით შეძლებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.
მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.