თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, იუწყება ტელეარხი Imedi.
გიორგი მამალაძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.
მამალაძის თხოვნით, სარჩელის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დეკანოზის დაცვის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 31 იანვარს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ მიმართა.
ზვიად ქორიძე: დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე სრული კონსენსუსი არ შედგა >>
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.
გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.
მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.