ზვიად ქორიძე: დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე სრული კონსენსუსი არ შედგა

გამოწერა
დეკანოზ მამალაძის მსგავსად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ექს-პრემიერის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნითაც მიმართეს.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც იმსჯელა, მაგრამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, განაცხადა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტი: დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს კომისია უკვე იხილავს>>>

მამალაძემ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მარგველაშვილს აგვისტოს დასაწყისში მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

საქართველოს საპარტიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს

დეკანოზს ბრალად ედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

„გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, რასაც ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/4 და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა", – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მერაბიშვილის შეწყალებას სთხოვს>>>

მამალაძის მსგავსად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ექს-პრემიერის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნითაც მიმართეს, რომელიც 2013 წელს, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მოწამლულია თუ არა მერაბიშვილი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხი

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის – ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვა, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებების გაყალბება და 2006 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიას მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას არ დაუწერია განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა.

ხუთშაბათს, 27 სექტემბერს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიამ სულ 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

 

ყველა ახალი ამბავი
0