მოწამლულია თუ არა მერაბიშვილი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხი

გამოწერა
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დაავადებაზე საუბრობს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მტკიცება იმის თაობაზე, რომ პატიმრობაში მყოფი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.

მერაბიშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ უფრო ადრე მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, მოწამვლას უკავშირდებოდეს. ჩივიაშვილი აპირებს, რომ ციხის ადმინისტრაციას ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით მიმართოს.

ამის პასუხად პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მერაბიშვილს უკვე დაუსვეს დიაგნოზი და დაუნიშნეს შესაბამისი მკურნალობაც, რომელსაც ციხის მედპერსონალი უზრუნველყოფს. ყოფილი მინისტრი სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მისი თანხმობით შეირჩა, რამდენჯერმე გადაიყვანეს. იქ მერაბიშვილი გამოიკვლია ოტორინოლარინგოლოგმა, ოფთალმოლოგმა და ნევროლოგმა.

„რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი", – ნათქვამია განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
ვანო მერაბიშვილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა

მერაბიშვილის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ის გამოკვლევაზე კლინიკაში გადაიყვანა. ყოფილ მინისტრს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა. მერაბიშვილს იმავე დღეს დაუნიშნეს მკურნალობის კურსი და გამოწერეს.

მერაბიშვილი და მისი ადვოკატი ვარაუდობენ, რომ ჩატარებული კვლევები არასაკმარისი იყო, ამიტომ ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს. ბოლოს მერაბიშვილი საავადმყოფოში სექტემბრის შუა რიცხვებში მოხვდა.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს.

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

 

ყველა ახალი ამბავი
0