სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისმა საქართველოს კულტურული დედაქალაქის სახელი უნდა დაიბრუნოს

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში იმყოფება, სადაც ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლის დროს აღნიშნა, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ის „რეგიონების პრეზიდენტი" იქნებოდა და პირველ რიგში  ყურადღებას რეგიონებს მიაქცევდა.

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში ციხე-სიმაგრის ნანგრევებს ათვალიერებს - Sputnik საქართველო
ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს

პრეზიდენტმა ისაუბრა ქუთაისის პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ის არის საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი, ამიტომ პარტნიორებს უნდა გააგებინოს, რომ ეს კულტურა არის მსოფლიოს და ევროპის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

„პირველ რიგში ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქი. და რადგან მე მიმაჩნია, რომ ვარ საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი, ჩემი დანიშნულებაა მივიტანო იქამდე, სადაც გვყავს პარტნიორები, გავაგებინო რომ ეს კულტურა არის მსოფლიოს და ევროპის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლახან ვიყავი ბრიუსელში.... ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ, რომ გავხდეთ ევროპის კულტურის სრულყოფილი წევრი და ეს ძალიან ბევრს გვაძლევს. ჩვენ უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც შემადგენელი ნაწილი ევროპული კულტურის“, -განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტს დიდი ძალა აქვს და შეუძლია რეგიონსა და მთავრობას შორის  შუამავლის როლი იკისროს.

„პრეზიდენტს შეუძლია რეგიონსა და მთავრობასთან შუამავალი იყოს, რომ ზოგიერთი მიმართულება გაძლიერდეს. პრეზიდენტს შეუძლია თავისი ხედვა ჰქონდეს. რამდენად იქნება ეს ხედვა გაზიარებული - სხვა საკითხია. და პრეზიდენტს აქვს სიტყვის თქმის უფლება და შეიძლება ეს სიტყვა ძალიან ძლიერი იყოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა  ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეც გაამახვილა ყურადღება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი შექმნა

„მნიშვნელოვანია ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ყველანაირი ძეგლებია აქ. აღარაფერს ვიტყვი გელათზე, რომელიც ჩაწერილია იუნესკოს ძეგლთა სიაში. და ეს არის მნიშვნელოვანი, აღარ გავიხსენებ ბაგრატის სამწუხარო ბედს. მაგრამ გელათმა გადაარჩინა ქუთაისი. ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ, რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი იმერეთში 9 თებერვალს გაემგზავრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გამგზავრების მიზანია - რეგიონის პოტენციალის გაცნობა და მისი განვითარების მხარდაჭერა. შაბათს ზურაბიშვილმა მოინახულა წყალტუბო, სადაც ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. კვირას კი ეწვია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს, სადაც ადმინისტრაციის ინიციატივით კვიპაროსის ნერგი დარგო.

ყველა ახალი ამბავი
0