საპატრიარქო გიორგი მამალაძის ოჯახს პასუხობს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან
საპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზის ოჯახის წევრებმა საქართველოს საპატრიარქოსთან კარავი გაშალეს და მოითხოვეს, რომ გიორგი მამალაძე საპატიმროში აზიარონ.

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ე.წ.ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს, ვისაც მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი პასუხისმგებლობა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი მამალაძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.

„ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შესასვლელი საპატრიარქოში - Sputnik საქართველო
გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა დეკანოზის ზიარება მოითხოვეს

დეკანოზის ოჯახის წევრებმა გუშინ საქართველოს საპატრიარქოსთან კარავი გაშალეს და მოითხოვეს, რომ გიორგი მამალაძე საპატიმროში აზიარონ.

დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძეს მიზანმიმართულად არ აზიარებენ.

„4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახან გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გიორგი მამალაძემ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

ყველა ახალი ამბავი
0