თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ღვინის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთა განახლებულ რეიტინგში საქართველომ მე-19 ადგილი დაიკავა. რეიტინგი „ღვინის ეკონომისტთა ამერიკულმა ასოციაციამ" (American Association of Wine Economists, AAWE) შეადგინა.
საქართველომ 2017 წელს ექსპორტზე მსოფლიოს 53 ქვეყანაში გაიტანა 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო. 2018 წლის შედეგებით, ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და 86,2 მლნ ბოთლი შეადგინა. გასულ წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 203 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.
AAWE-მ 2017 წლის მონაცემებით მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი 30 ქვეყანა–ექსპორტიორი წარმოადგინა.
AAWE-ს მონაცემებით, საქართველოს ღვინის ექპორტმა 2017 წელს 171 მლნ დოლარი მოუტანა. საქართველოს მეზობლები რეიტინგში არიან ლიტვა – მე-18 ადგილი, 179 მლნ დოლარი, და ბელგია – მე-20 ადგილი, 159 მლნ დოლარი.
რეიტინგში პირველ ადგილზეა საფრანგეთი. მას ღვინის ექსპორტმა 10,2 მლრდ დოლარი მოუტანა. მეორე ადგილზე მყოფმა იტალიამ 6,7 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო მესამე ადგილზეა ესპანეთი – 3,2 მილიარდზე მეტი.
AAWE – ესაა არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ეკონომიკურ კვლევებს, ასევე მეღვინეობის სფეროში ანალიზს და ხელს უწყობს ამ სფეროში იდეების გაცვლას.