თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. 2018 წელს საქართველომ 86,2 მილიონი ბოთლი ღვინოს ექსპორტი განახორციელა - ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, 2018 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 2017 წლის მონაცემებს 13%-ით გადააჭარბა.
„დოქები" რიყის პარკში, შესაძლოა, ღვინის მუზეუმად გადაიქცეს >>
2018 წელს საქართველომ მსოფლიოს 53 ქვეყანაში 203 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაგზავნა - 2017 წელთან შედარებით 20%-ით მეტი.
ყველაზე მეტი ღვინო გატანილია რუსეთში - ლიდერთა ხუთეულში ასევე შედის უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.
ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა 2018 წელს
ქვეყანა | ბოთლების რაოდენობა | ექსპორტის ზრდა |
რუსეთი | 53 682 627 | +12% |
უკრაინა | 10 687 835 | +26% |
ჩინეთი | 6 951 019 | -8,4% |
ყაზახეთი | 3 599 143 | +8% |
პოლონეთი | 2 508 122 | +31% |
ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება როგორც ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, ისე ევროპის, აზიის და აშშ-ის მიმართულებით - საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი სამხრეთ კორეაში გაიზარდა 275%-ით, თურქმენეთში - 196%-ით, დანიაში - 111%-ით, რუმინეთში - 100%-ით, ჩეხეთში - 81%-ით, იტალიაში - 69%-ით, ბულგარეთში - 60%-ით, ნიდერლანდებში - 38%-ით, დიდ ბრიტანეთში - 33%-ით და ა.შ.
უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ასევე ბრენდის და ჭაჭის ექსპორტი გაიზარდა.
საქართველოდან სპირტიანი სასმელების ექსპორტის სტატისტიკა 2018 წელს
სასმელი | ბოთლების რაოდენობა | ზრდა |
ღვინო | 86,2 მლნ (0,75 ლ) | 13% |
ბრენდი | 20 მლნ (0,5 ლ) | 9% |
ჭაჭა | 0,42 მლნ (0,5 ლ) | 47% |
საერთო ჯამში, ბრენდის, ღვინის, ჭაჭის, ღვინის მასალის, ბრენდისათვის ჩამოსასხმელი ბრენდის და სპირტის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს 306,5 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2017 წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება.