თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდის" მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის" განაჩენი ძალაში დატოვა. მას დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გორაძეს, რომელიც თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2018 წლის ივლისში გამოუტანა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში", ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში.
„მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით მ. გ. აღიარეს „კანონიერ ქურდად", იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით; მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2014-2015 წლებში გორაძეს ჰქონდა კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტებთან საქართველოში, რომლებიც მას პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ. ის მათ აძლევდა მითითებებს და „ქურდული ობშიაკის" თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებდა.
გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის 24 თებერვალს ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.
სამართალდამცველებმა მოიპოვეს „ლავასოღლის" წინააღმდეგ მტკიცებულებები, მათ შორის, ფარული მიყურადების შედეგად.