თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
ინტერპოლის მიერ ძებნილი „ლავასოღლის“ აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა. რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
მინდია გორაძის თურქეთში დაკავების ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და განცხადეს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის დასაკავებლად ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა.
„ლავასოღლის“ დაკავების ფაქტს უარყოფს მისი და ინდირა გორაძე.
„მცდარი ინფორმაცია გაქვთ, მინდია არ არის დაკავებული. შს სამინისტრო ბევრ რაღაცას ადასტურებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ხშირად ვესაუბრები, დღესაც ვესაუბრე. ყველაფერი გაირკვევა. მინდია კანონმორჩილი ბიჭია“, - განუცხადა ინდირა გორაძემ ტელეკომპანია Imedi-ს.
ქართულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 21 ივლისს ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება ბრალი.
საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს >>
2015 წლის 24 თებერვალს მინდია ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.
18 ივლისს სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის და ლავასოღლისთან კავშირის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. დღეს კი თბილისსა და მარნეულში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.