თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მონაწილეობას მიიღებს იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებიც საავადმყოფოებში H1N1 ვირუსით (ე.წ. ღორის გრიპი) ორ კვირაზე მეტხანს იმყოფებიან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასი ათას მოსახლეზე 249 დაავადებულია. ვითარებას ეპიდემიად მაშინ აფასებენ, როდესაც დაავადებულთა რიცხვი 450 ადამიანს აღწევს. H1N1 ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ წელს ოცს მიაღწია. დაავადების შემთხვევები კლებულობს, მაგრამ ვირუსი მაინც ჯერ კიდევ გავრცელებულია ქვეყანაში.
„გახანგრძლივებული მკურნალობა რეანიმაციაში ნიშნავს, რომ უკვე გუნდური გადაწყვეტილებებია საჭირო. ყველა კლინიკაში, სადაც პაციენტები ორ კვირაზე მეტია გრიპის გამო მკურნალობენ, იმართება კონსილიუმი და ვგეგმავ, ყველგან მივიღო მონაწილეობა", – განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაავადების შემთხვევები შემცირდა, ასევე შემცირდა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა.
გრიპის ვირუსი ქვეყანაში ყოველწლიურად ვრცელდება. ზოგი ადამიანი მას ადვილად უმკლავდება, ზოგს კი დაავადება ურთულდება და ხანდახან ლეტალური შედეგითაც მთავრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს გრიპის სეზონის გამწვავების პერიოდი დაახლოებით 10 მლნ ლარი უჯდება. კიდევ ერთი მილიონი ლარი ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს" შეძენას ხმარდება, რომელიც აფთიაქებში, ექიმის დანიშნულებით, უფასოდ გაიცემა. აცრებზე დაახლოებით 700 ათასი ლარი იხარჯება.