თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა 32 წლის მამაკაცი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შემთხვევა ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში დღეს მოხდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში 25 წლის ძმას გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სოფელ მარტოთუბანშივე ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.