კალაძე: ახლა გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი

გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, აუცილებელია დღეს არსებული რეგულაციების გამკაცრება.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. გარე წვის გამათბობლები ზოგადად აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება მათი დახურულ სივრცეში დამონტაჟება, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ქეთევან წამებულის 67 ნომერში იმყოფებოდა, სადაც CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩის 67 ნომერში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი „ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

გაზის გაჟონვას თბილისში მორიგი მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია შვიდი ადამიანი>>

„ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადებით, წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.

თბილისის მერმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვერავის აკისრებს.

„მე გამიჭირდება ახლა ვინმეზე რაღაც ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით... არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება კომპანიის დაუდევრობით ხდებოდეს, არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მცხოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობა", – განაცხადა კახა კალაძემ.

სახლი, სადაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა - Sputnik საქართველო
შსს გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს

მისი თქმით, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და ის, რომ მოქალაქეს შეუძლია თავად მოძებნოს გამათბობლის მემონტაჟე, ცუდი პრაქტიკაა და აუცილებელია ამის საწინააღმდეგო საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება.

„რაც შეეხება გამკაცრებას, საუბარია იმაზე, რომ აპირებენ დეტექტორების შემოღებას, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამ პროექტში მერიასაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, რათა ადამიანებს გადასახადი შევუმსუბუქოთ. საუბარია ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული და სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომელსაც თვითონ აბონენტი შეიძენს", – აღნიშნა თბილისის მერმა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0