თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩის 67 ნომერში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი „ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის ორი მამა-შვილი არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.
„გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს", – განაცხადეს შსს-ში.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.