თბილისში წყალი სასმელად ვარგისია: ხელისუფლება მასობრივ მოწამვლაზე ხმებს უარყოფს

© Pixabay / kaboompicsონკანის წყალი
ონკანის წყალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში სასმელი წყლით მასობრივი მოწამვლა ხდება.

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. თბილისში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს და სასმელად ვარგისია, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მეორე დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისში სასმელ წყალში აღმოაჩინეს ფეკალიები და ამიტომ სამი დღის განმავლობაში ონკანიდან წყლის დალევა სახიფათოა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის საავადმყოფოებში ყოველ ხუთ წუთში მიჰყავთ სასმელი წყლით მოწამლული პაციენტები, მათ შორის ბავშვები.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. თბილისში, სააგენტოს ზედამხედველობითა და ჩართულობით მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა წყალგამანაწილებელმა კომპანია Georgian Water and Power-მა, რომელმაც გავრცელებულ ხმებს დეზინფორმაცია უწოდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ახლა გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, კომპანიამ 31 იანვრისთვის სასმელი წყლის ხარისხის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნდა.

თბილისი მსოფლიოს იმ იშვიათი ქალაქების ჩამონათვალშია, სადაც წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან შეიძლება, ხოლო იმისთვის, რომ თბილისელებმა სუფთა წყალი სადღეღამისო რეჟიმში მიიღონ, წყლის ხარისხი ყოველ საათში ერთხელ მოწმდება. თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყაროა მდინარე არაგვი და მისი ფილტრატები, მათ შორის, მუხრანის ველის ჭაბურღილები, ნატახტრის, ბულაჩაურის წყლის აუზები და სხვ.

დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყლის დაგროვება, წყლის საჭირო სტანდარტამდე მიყვანა, წყლის ტრანსპორტირება და განაწილება მომხმარებლამდე.

ლაბორატორიები, რომლებიც წყლის ხარისხის შემოწმებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ, თანამედროვე უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი. წყლის ხარისხის ლაბორატორიული მონიტორინგი დედაქალაქის ყველა, 373 წყალსადენში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0