წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს და ვაკის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილსა და ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუას, რომლებიც 250 000 ლარის ქრთამის აღების საქმეზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გასულ კვირაში ივანეიშვილი 250 000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, ხოლო მეორე დღეს მისთვის გაწეული დახმარების ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„ბოლომდე მოგყვებით“ - თბილისის ვიცე-მერმა მექრთამეები გააფრთხილა >>

„ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ინვესტორს, რომ როგორმე წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ არის ჩემი დანაშაული, მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი. მინდა ბოდიში იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედავთ, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემ კოლეგებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩემი რეკომენდატორები არიან. ცხოვრებაში ავტომანქანის მართვისას სიჩქარე არ გადამიჭარბებია, კანონით ვცხოვრობ. მე ჩემ ოჯახს ვერ შევარცხვენ“, – განაცხადა ჩოჩუამ სასამართლო პროცესზე.

ჩოჩუას თქმით, უკვე ორი წელია, რაც უცნობი პირები მის მოსყიდვას ცდილობენ.

დაკავება - Sputnik საქართველო
ვაკის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს

„ამგვარი შეტევები ჩემზე მიმდინარეობს ორი წელია, ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი შემოდის და ვითომ ინვესტორი და მშენებელია, მიწყებს მოლაპარაკებებს ვითომ რაღაცაზე, ვაგდებ ოთახიდან ამ ადამიანებს. ორი წელია მაქსიმალურ სიფრთხილეს და მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენ“, – აღნიშნა ვაკის გამგებლის მოადგილემ.

პირველი არხის ინფორმაციით, ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის 400 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

საქმის წინასასამართლო მოსმენა 14 მარტს არის ჩანიშნული.

რაც შეეხება გამოძიებას, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილთან დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

სუსი: წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამის სახით 250 ათასი ლარი აიღო >>

უწყების ცნობით, ამ პერიოდში გარანტიის სახით უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იანი წილი ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გადაუფორმდა, ამაში კი მას ჩოჩუა დაეხმარა.

ჩოჩუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ივანეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0